Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგულირების სააგენტომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ცხრა დარღვევა გამოავლინა


ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ პასუხობს ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის ანა ნაცვლიშვილის შეკითხვებს, რომლებიც მან პარლამენტის წევრის კითხვით ფორმატში გაგზავნა.

დეპუტატმა ჯანდაცვის მინისტრს შემდეგი შეკითხვებით მიმართა:

  1. როგორც ლიცენზიის გამცემმა ორგანომ, რა ღონისძიებები გაატარეთ ან რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ იმისათვის, რომ სახალხო დამცველს მიეცეს პანსიონში შესვლის შესაძლებლობა?
  2. როგორც ლიცენზიის გამცემმა ორგანომ, რა ღონისძიებები გაატარეთ ან რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ იმისათვის, რომ პანსიონში ბავშვთა უსაფრთხოება და უფლებები იყოს გარანტირებული?

სააგენტოს საპასუხო წერილში ჩამოთვლილია პანსიონატში აღმოჩენილი დარღვევები. ამასთან, განმარტავს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, გარკვეული ღონისძიებების გატარება, არ წარმოადგენს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას. თუმცა, სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ“.

როგორც წერილში ვკითხულობთ, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში“ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შემოწმება დაიგეგმა და განხორციელდა (04.06.21.) მას შემდეგ, რაც გაჩნდა
საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში ირღვევა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები.

შესწავლით დადგინდა, რომ დაწესებულებაში დარღვეულია საქართველოს მთავრობის No 66 15.01.14 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შემდეგი
მოთხოვნები:

  • ვერ იქნა წარმოდგენილი სტანდარტის დანართით გათვალისწინებულისაინფორმაციო ფურცელი;
  • დაწესებულებაში არსებული შინაგანაწესი არ მოიცავს: ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს; უკუკავშირის და გაპროტესტების პროცედურებს, კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს;
  • ვერ იქნა წარმოდგენილი დასაქმებული პერსონალის ნასამართლეობის ცნობები;
  • ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული კვირის მენიუს მიხედვით, რიგ შემთხვევებში სადილი არ არის 3-კომპონენტიანი.
  • არ არის უზრუნველყოფილი ბენეფიციართა ჯგუფური დასვენება საქართველოს კურორტებზე წელიწადში არანაკლებ 12 დღის განმავლობაში;
  • ადგილზე არ ინახებოდა და პერსონალი არ იყო ინფორმირებული მთავრობის დადგენილების „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“
  • არ აქვთ შემუშავებული ძალადობისაგან დაცვის შიდა ინსტრუქცია
  • რიგ შემთხვევებში შშმ ბავშვები ერთ ოთახში იმყოფებიან სხვა ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად და მათი რიცხვი აღემატება 4-ს;
  • დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენი, თავსახურის გარეშე აღინიშნებოდა, როგორც შენობაში არსებულ სათავსებში, ასევე ეზოში. მომსახურე პერსონალის განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ ნარჩენების გატანას და ჩატვირთვას ეზოს გარეთ განთავსებულ მუნიციპალურ ნარჩენების კონტეინერში.

სააგენტოს განცხადებით, ზემოაღნიშნული დარღვევების გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. „დარღვევების გამოსასწორებლად განისაზღვრა გონივრული ვადა 04.07.2021წ-მდე", - აღნიშნულია წერილში.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 20 აღსაზრდელი. პანსიონი დატოვა 20-ზე მეტმა აღმზრდელმაც. მათი რაოდენობა 19-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG