Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადაში მკვიდრი ერების ბავშვთა ყოფილი ინტერნატის ტერიტორიაზე ნახეს ასეულობით უსახელო საფლავი


ასობით საბავშვო ფეხსაცმელი მიიტანეს კვებეკის კათოლიკური ეკლესიის წინ დაღუპული ბავშვების ხსოვნის აღსანიშნავად, როცა მაისში, მკვიდრი ერების ბავშვთა ერთ-ერთ ინტერნატის ტერიტორიაზე ბავშვთა უსახელო 215 საფლავს მიაგნეს.
ასობით საბავშვო ფეხსაცმელი მიიტანეს კვებეკის კათოლიკური ეკლესიის წინ დაღუპული ბავშვების ხსოვნის აღსანიშნავად, როცა მაისში, მკვიდრი ერების ბავშვთა ერთ-ერთ ინტერნატის ტერიტორიაზე ბავშვთა უსახელო 215 საფლავს მიაგნეს.

კანადაში, მკვიდრი ერების ბავშვებისთვის საგანგებოდ შექმნილი ერთ-ერთი ყოფილი ინტერნატის მახლობლად კვლავ მიაკვლიეს ასობით უსახელო საფლავს.

მკვიდრი მოსახლეობის თემის, The Cowessess First Nation-ის წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ დღემდე უმნიშვნელოვანესი და უდიდესი მიგნებაა.

საფლავები ნახეს სასკაჩევანის პროვინციაში. The Cowessess First Nation-ის ბელადმა სასკაჩევანში განაცხადა, რომ მიკვლეულია 600-მდე საფლავი. კადმუს დელორმის განმარტებით, ეს არ არის მასობრივი სასაფლაო, ეს არის საფლავები, რომლებსაც არ აქვს წარწერა. ის ვარაუდს გამოთქვამს, რომ წარწერები 1960-იან წლებში, კათოლიკურმა ეკლესიამ მოაშორა.

უფრო ადრე, მაისის ბოლოს, კანადაში, ბრიტიშ კოლამბიის პროვინციაში 215 ბავშვის საფლავი ნახეს, ასევე, ყოფილი კათოლიკური ეკლესიის ინტერნატის ტერიტორიაზე.

ფაქტმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია შეშფოთება. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტები გამოძიებას მოითხოვენ.

კანადის ოფიციალური პოლიტიკით, სახელმწიფო ინტერნატები, მათი რიცხვი ასს აღემატებოდა, მკვიდრი ერების ბავშვების იძულებით ასიმილირებას მიმართავდნენ, რის მიზანიც მათში მკვიდრი მოსახლეობის კულტურის და ენების მოსპობა იყო. ინტერნატებს ძირითადად მართავდა კათოლიკური ეკლესია.

მკვიდრი ერების ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა საფლავების აღმოჩენას უწოდა „ტრაგიკული, მაგრამ არა გასაკვირი“ და მოუწოდა კანადელებს მხარში დაუდგენენ მკვიდრ მოსახლეობას ამ ერთობ რთულ და ემოციურ დროს“.

1963-დან 1998 წლამდე კანადის მთავრობამ მკვიდრი ერების ოჯახებიდან ძალით წაიყვანა 150 ათასი ბავშვი და ისინი ინტერნატებში მოათავსა. ბავშვებს ეკრძალებოდათ საკუთარ ენაზე საუბარი. ბევრი მათგანი სასტიკის მოპყრობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

2008 წელს კანადამ შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა, რა მოხდა იმ წლებში.

კომისიამ დაადგინა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა თავიანთ ოჯახებს არ დაბრუნებია.

კანადის მთავრობამ 2008 წელს ოფიციალური ბოდიში მოიხადა ასეთი სისტემის გამოყენებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG