Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არსებობს ფილების ჩამოვარდნის საშიშროება" - უსაფრთხოა "ვარკეთილის" მეტროთი მგზავრობა?


თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაჩქარებული წესით, უტენდეროდ იწყებს მეტროსადგურ "ვარკეთილის" კაპიტალური შეკეთებისთვის საჭირო არქიტექტურული და დიზაინერული პროექტის შემუშავებას. მიზეზი მეტროსადგურის ბაქანსა და ესკალატორის თავზე აღმოჩენილი დაზიანებებია.

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი დეტალურად აღწერს მეტროსადგურში აღმოჩენილ პრობლემებს.

"ორივე ხაზის სალიანდაგო კედელზე დამონტაჟებული მინა მაგნეზიტის ფილები განიცდის დეფორმაციას, რის გამოც არის საშიშროება მისი ჩამოშლის და სალიანდაგო ხაზში ჩამოვარდნის. ასევე დეფორმაცია განიცადა დახრილი გვირაბის თაღში მინა მაგნეზიტით მოწყობილმა განათების კაბელების და გახმოვანების დეკორატიულმა საკაბელო არხმა, რომელიც დამონტაჟებულია მე-2 ესკალატორის თავზე. აღნიშნულ ლოკაციაზეც არის საკაბელო არხის ჩამოვარდნის საშიშროება", - აღნიშნავს სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი 10 ივნისით დათარიღებულ წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომპანია მუდმივად აკონტროლებს დაზიანებებს, რათა ფილები და საკაბელო არხები არ ჩამოვარდეს და მგზავრები არ დააზიანოს. გარდა დოკუმენტში მოყვანილი მაგალითებისა, დაზიანებები შესამჩნევია ესკალატორისა და ბაქნის დამაკავშირებელ სივრცეშიც.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოყვანილი არგუმენტებით შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ სამუშაოები უტენდეროდ, დაჩქარებულ ვადებში უნდა ჩატარდეს და შესაბამისი თანხმობა კომპანიას უკვე მისცა.

მეტროსადგურის ბაქანსა და მეორე ესკალატორზე ხარვეზების აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, რადიო თავისუფლებამ კომპანიის პრესსამსახურს ჰკითხა, რამდენად უსაფრთხოა დღეს მეტროსადგურით მგზავრობა.

"ამ ეტაპისათვის მს "ვარკეთილის" ექსპლუატაცია არ შეიცავს არანაირ რისკებს. მეტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან და ატარებენ შესაბამის მოვლა-შენახვით სამუშაოებს, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში.

"ვარკეთილის" მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2018 წლის 30 იანვრის შემდეგ არის საჭირო.

"ვარკეთილის" მეტროსადგური, 2018 წლის 30 იანვარი
"ვარკეთილის" მეტროსადგური, 2018 წლის 30 იანვარი

სწორედ ამ დღეს 2017 წლის 22 სექტემბერს გახსნილი ახალგარემონტებული სადგურის ბაქანზე გაკეთებული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სადგურის განახლებაზე კომპანია "ყვარელრემმშენმა" იმუშავა, რომელსაც თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 347 852 ლარი გადაუხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG