Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა დროის ესპანური ფილმი და დიდი რეჟისორის იუბილე


"ჯალათი"( "El verdugo", ესპანეთი, 1963 წელი, რეჟისორი ლუის გარსია ბერლანგა, მთავარ როლში ნინო მანფრედი)

1963 წელს ეკრანებზე გამოსულმა ამ ფილმმა დაასწრო დროს და იწინასწარმეტყველა ისტორია. თუმცა ფრანკოს ესპანეთში სურათის პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო. ისე მოხდა, რომ გენერალმა ფრანკომ "ჯალათი" მხოლოდ კინოთეატრებში ჩვენების შემდეგ ნახა და უმალვე შეაფასა რეჟისორი: "ეს ვაჟბატონი არც კომუნისტია და არც რუსი, მაგრამ უარესი - ცუდი ესპანელია".

12 ივნისს 100 წელი გავიდა "ცუდი ესპანელის" დაბადებიდან. ცენზურამ არაერთხელ დაასახიჩრა და დაამახინჯა მისი ფილმები. ბერლანგას დევნიდნენ და მუდმივად აკრიტიკებდნენ ფრანკოს მიერ დაქირავებული ჟურნალისტები - პირველ რიგში, პატრიოტიზმს უწუნებდნენ და ნათლავდნენ, როგორც ცინიკოსს, კაცთმოძულეს, ურწმუნოს. "ჯალათიდან" ცენზურის მითითებით ჯერ 14 სცენა ამოიღეს (აქედან რამდენიმე ეპიზოდის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა), შემდეგ კი შექმნეს საზოგადოებრივი აზრი ფილმზე, რომელიც ვითომ სოციალურ წესრიგს და ნაციონალურ კულტურას დასცინის. ეს მეორე ბრალდება უფრო ეფექტური აღმოჩნდა - ვიღაცებმა დაიჯერეს, რომ ბერლანგა "ხალხის მტერია". რაც ბუნებრივია - "ჯალათი" ხომ არაა უშუალოდ მიმართული ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგ. ესაა ფილმი იმაზე, თუ როგორ იმონებს ადამიანს საზოგადოებრივი მორალი, როგორ იყენებენ ფარისევლები ღირსებისა და წესიერების ცნებებს ადამიანების მანიპულაციისთვის.

სიკვდილი, მოგეხსენებათ, ესპანური კულტურის ერთ-ერთი მთავარი სახეა, ისევე როგორც ქილიკი სიკვდილზე და მასთან მუდმივი თამაში. "ჯალათში" სიკვდილის სახე ფილმის პირველივე ეპიზოდებიდან ჩნდება და ვარიაციებს განიცდის. სურათის მთავარი გმირი დამკრძალავ ბიუროში მუშაობს. გერმანიაში გამგზავრებასა და უკეთესი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობს. მაგრამ სიკვდილის სახე ფეხდაფეხ დაჰყვება - ხოსე ლუისი ციხის ჯალათის ქალიშვილს ირთავს ცოლად... ფრანკოს ესპანეთში, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან, არამხოლოდ ციხის ჯალათად მუშაობაა სამარცხვინო. აქ ვერ ეგუებიან იმასაც, ვინც ჯალათის ოჯახის წევრია, ანდა იმას, ვინც ზედამხედველია და სჯის. ვერ ეგუებიან, არ მოსწონთ, ეშინიათ, დასცინიან, მაგრამ ხმამაღლა არავინ გამოხატავს პროტესტს არც დამსჯელი სისტემის მიმართ და, რაც მთავარია, არც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში ეშინიათ თავისუფლების და სძულთ "ცუდი ესპანელები", რომლებიც თავისუფლებაზე ელაპარაკებიან, სძულთ ის, ვინც ფრანკოს სისტემის მსახურებს მონობაში ამხელს.

ბერლანგა უდიდესი ოსტატია. ის მუდმივად იცავს ბალანსს სიცილსა და ტკივილს შორის. ამ მიზნის მისაღწევად ხშირად თამაშობს კონტრასტებზე, ერთმანეთს უპირისპირებს მოქმედების შინაარსსა და ფორმას, აძლიერებს ფონის მნიშვნელობას. ძალიან კარგი მიგნებაა, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" გათამაშება სწორედ იმ დღეს, როცა სურათის გმირს პირველად უწევს შეასრულოს ჯალათის სამუშაო. გენიალურია სიკვდილმისჯილისა და ჯალათის გათანაბრება სიარულის მანერით, იმის ხაზგასმა, რომ ორივეს ერთნაირად ეშინია იმის, რაც ელის - ერთი უნდა მოკლან, ხოლო მეორემ თავად უნდა მოკლას ადამიანი.

თუმცა ძნელი სათქმელია ეყოფოდა თუ არა რეჟისორს ძალა წარმოედგინა ასე შეულამაზებლად ფრანკოს ეპოქის ესპანეთის სურათი, რომ არა მთავარი როლის შემსრულებელი ნინო მანფრედი - მსახიობი, რომელიც, თუ არ ვცდები, არასდროს "ჩაჭრილა" თავის შემოქმედებაში. მანფრედი, არტისტი, რომელიც, ბერლანგას მსგავსად, კონტრასტებზე თამაშობს და შეუძლია დროდადრო ღიად გამოხატოს ირონია საკუთარი პერსონაჟის მიმართ, შეიძლება ითქვას, ეტაპების მიხედვით წარმოაჩენს პიროვნების კვდომას ადამიანში, იმას, თუ როგორ იხრწნება ადამიანური ნება საზოგადოების ღირებულებების ზეწოლით და სხვისთვის მუდმივად ანგარიშის გაწევით. კაცი, რომელიც ბედნიერებაზე ოცნებობდა, გადაიქცა ჭანჭიკად, უფრო მეტიც, მკვლელად. სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. ტოტალიტარულ სისტემას არ სჭირდება არც ბედნიერი და არც ბედნიერებაზე მეოცნებე ადამიანები. ტოტალიტარულ სისტემას სჭირდება ხალხი, ვინც ჯერ მკვლელებთან თანამშრომლობს და შემდეგ თავად იქცევა მკვლელად. კი, პიროვნების "გასხვისების" ამ პროცესში სინდისი თავიდანვე არ ქრება. სინდისი ცოცხალია და მისი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის განადგურებულ ადამიანს ბოლომდე ჩავიდეს უფსკრულში. ეს ეტაპი თავის გამართლების გარეშე არ არსებობს. "ამას მეორედ აღარ ვიზამ. გაიგეთ? აღარ ვიზამ" - არწმუნებს ხოსე ლუისი ვეტერან-ჯალათს, რომლისგანაც პროფესია მემკვიდრეობით ერგო. "პირველად მეც ასე ვთქვი", - უპასუხებს გამოცდილი ჯალათი.

აბა, როგორ გგონიათ? სიმშვიდე და სტაბილურობა თუკი გსურთ, დამნაშავეები, ქურდები, ავაზაკები, მკვლელები ხომ უნდა დაისაჯონ? და ვიღაცამ ხომ უნდა დასაჯოს? ციხეები ხომ უნდა აშენდეს? საზოგადოება ვიღაცამ ხომ უნდა გაათავისუფლოს მკვლელებისა და მანიაკებისგან? ვიღაცამ ხომ უნდა იტვირთოს ჯალათის როლი? და თუ ამ მოსაზრებას ეთანხმებით, თუკი ციხეებს აშენებთ და ზედამხედველებს ხელფასს უხდით, ჯალათებთან ერთად "პურის ჭამის" რატომ გრცხვენიათ? რატომ გაურბიხართ მათ? ეგ ხალხი ხომ თქვენი უსაფრთხოებისთვის მუშაობს?

ცხადია, 60-იანი წლების დასაწყისის ესპანეთში ეს გზავნილები არავის ესიამოვნებოდა. "ჯალათში" ბერლანგამ დასცინა მთელ ესპანურ საზოგადოებას. თუმცა მოგვიანებით, როცა "ჯალათი" ტრიუმფით უჩვენეს მსოფლიო ეკრანებზე, ნათელი გახდა, რომ ხოსე ლუის ბერლანგა "ჯალათში" მხოლოდ ფრანკოს ეპოქის ესპანეთის სურათს არ ხატავს. ფილმის ერთ ეპიზოდში იმაზე საუბრობენ, თუ როგორ დაიხვეწა და "უფრო ჰუმანური გახდა" სიკვდილით დასჯის რიტუალი. აქ არ შეიძლება მიშელ ფუკო არ გაგვახსენდეს - ფრანგი ფილოსოფოსი, რომელიც წერდა, დღეს შორს ვიმყოფებით სიკვდილით საჯარო დასჯების, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოტანილი სახრჩობელების, სამარცხვინო ბოძების ქვეყნისაგანო... ფუკო დაწვრილებით აღწერს, როგორ დაიხვეწა ზედამხედველობისა და დასჯის ფორმები, თვით ციხის შენობის დაპროექტებაც კი შეიცვალა, თუმცა ადამიანების ჭანჭიკად გადაქცევის პროცესი არ შეჩერებულა. დღეს ჯალათებმა, უბრალოდ, სახე იცვალეს. უფრო სწორად, დღევანდელ ჯალათებს, როგორც წესი, სახე არა აქვთ. ძალადობა უჩინარი გახდა. იმდენად უჩინარი, რომ ჩვენ, შესაძლებელია, არც ვიცოდეთ, კონკრეტულად ვინ ძალადობს ჩვენზე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG