Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთში სამკერვალო ფაბრიკის 19 თანამშრომელი სავარაუდოდ მოიწამლა


ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 19 თანამშრომელი კლინიკა „ლაზიკამედში“ გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას ფოთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინა მხეიძემ უთხრა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტები არ არიან მძიმე, არიან მსუბუქი და მათ კლინიკაში უტარდებათ გადასხმა“, - განმარტა ნინა მხეიძემ.

დაზუსტებით, რამ გამოიწვია მოწამვლა, ამ დროისთვის უცნობია. ფაბრიკაში სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.

კომპანიის დირექტორის გია ლომინაძის თქმით, საწარმოს საკვებით ამარაგებს დაქირავებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. მათ მიერ მოწოდებულ საკვებს კომპანიის 1500-მდე თანამშრომელი იღებს.

მისი სიტყვებით, უცნობია, რას შეიძლება გამოეწვია თანამშრომლების შესაძლო ინტოქსიკაცია.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ მოიწამლა ფაბრიკის 50-მდე თანამშრომელი, რასაც ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ.

XS
SM
MD
LG