Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი რუსეთს უხანგრძლივებს ყირიმისა და დონბასის გამო დაწესებულ სანქციებს


ევროკავშირის სამიტზე გადაწყდა, რუსეთს გაუგრძელდეს სანქციები, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების გამო დაწესდა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

ბრიუსელი რუსეთისგან მოელის კონსტრუქციულ მონაწილეობას და ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედებებს, აღნიშნავენ სამიტის მონაწილეები. მიშელის სიტყვებით, მოსკოვმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მინსკის შეთანხმებების შესრულებაში.

ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოულოდნელად მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოონ რუსეთის პრეზიდენტთან, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა ჟენევის სამიტზე. მას მხარი დაუჭირა ემანუელ მაკრონმა. მოგვიანებით მერკელმა თქვა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამოვიდა დაახლოებით ათი ევროპელი ლიდერი, ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

კრემლმა სინანული გამოთქვა ევროკავშირის უარის გამო, პუტინის მონაწილეობით ჩაეტარებინა სამიტი და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესებულია მოსკოვსა და ბრიუსელს შორის კეთილი ურთიერთობების დამყარებით.

ევროკავშირის სექტორული სანქციები 2014 წელს იქნა შემოღებული. ისინი რუსეთის კომპანიებს უკრძალავს კაპიტალის ევროპულ ბაზრებზე წვდომას, იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტსა და ექსპორტს, ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო ტექნოლოგიებით ვაჭრობას. ევროკავშირი მათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახანგრძლივებს.

რუსეთი და უკრაინა რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს მინსკის შეთანხმებების დარღვევაში. ამავე დროს მოსკოვი აცხადებს, რომ კიევმა, ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად, დონბასში ვითარების მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს არა კრემლთან, არამედ პრორუსული ორიენტაციის სეპარატისტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG