Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნებმა კახეთში კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს


26 ივნისს, 17:00 საათზე, თელავში, „კავკასიონი არენაზე“, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის ბოლო მატჩი დაიწყება. საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება და ნამატჩევს ტურნირის ჩემპიონისთვის დაწესებულ თასს მეცამეტედ აღმართავს.

„ბორჯღალოსნებმა“ მიმდინარე შეჯიბრებაზე გასული ოთხივე შეხვედრა მოიგეს, თვრამეტი ქულა დააგროვეს, ცხრა ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ რუმინეთს და ტიტულიც ვადაზე ადრე გაინაღდეს. ნიდერლანდელებმა კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური ახლახან მოიპოვეს ბელგიის ძლევით და შეჯიბრების უცვლელ ჩემპიონთან დაპირისპირება მათთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტრადიცია არ დაარღვია და შემადგენლობა მატჩამდე ორმოცდარვა საათით ადრე გამოაცხადა. დღეს კი კაპიტნის ვარჯიში გაიმართა და ოფიციალური კომენტარებიც გაკეთდა.

„უკვე ჩემპიონები ვართ და ამ თამაშს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ნიდერლანდის ნაკრები დებიუტანტია. ბელგიის დამარცხებით მან მიზანს მიაღწია და დასაკარგი არაფერი აქვს. დარწმუნებული ვარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვეცდებით სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ და მოვემზადოთ სამხრეთაფრიკული ტურნესთვის", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნიდერლანდებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

უკანა ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკა ტაბუცაძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე, მირიან მოდებაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი.

სათადარიგოები: შალვა მამუკაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გია ხარაიშვილი, გიორგი ჯავახია, ირაკლი ცხადაძე, მიხეილ ალანია, დემურ თაფლაძე, გიორგი ბაბუნაშვილი.

XS
SM
MD
LG