Accessibility links

site logo site logo

ნიკოლოზ მარსაგიშვილი: მოსამართლეთა დანიშვნა არ უნდა შეჩერდეს


იუსტიციის საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნა დიდხანს არ უნდა შეჩერდეს.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეკრებილი მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

"ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და დაველოდეთ საკანონმდებლო ცვლილებებს - ასეთია ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება იმას, უნდა შეჩერდეს თუ არა დანიშვნა, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს დიდხანს, თუმცა ეს მაინც პარლამენტმა და პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტოს. დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მე, როგორც მოსამართლეების წარმომადგენელს, მაინტერესებს მოსამართლეების პოზიცია, იქნებ და განსხვავებულია, იქნებ და არსებობს სხვა მოსაზრება, რომელიც მე უნდა გავათვიცნობიერო და გავითვალისწინო. რაც შეეხება საერთო განცხადებას, ასეთი არ ვიცი, შესაძლებელია", - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის თქმით, ხდება პირდაპირ ზეწოლა სასამართლოზე, რის გამო ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული.

"აქედან გამომდინარე, შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კანონი დაარღვია. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია, კანონი შეასრულოს", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ივნისს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილის „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელსაც შესრულება უნდა.

„ჩემს მოწოდებებზე უფრო მნიშვნელოვანია ამ პროცესის შეჩერების ვალდებულება, რომლებიც პოლიტიკურმა ლიდერებმა იკისრეს 19 აპრილის შეთანხმების განხილვისა და ხელმოწერის შედეგად. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს (მოსამართლეთა დანიშვნის) პროცესის შეჩერებას რეფორმის გატარებამდე. მათ ვალდებულება აიღეს ასევე, რომ რეფორმის გატარებამდე, უნდა წარიმართოს ჯანსაღი დისკუსია იმის შესახებ - თუ რა სახის რეფორმას საჭიროებს სასამართლო სისტემა. სწორედ ამას მოველით ჩვენც. საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს... კონსტიტუციისა და 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, დროებით შეაჩეროს [მოსამართლეთა] დანიშვნის პროცესი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-კაციანი სია წარუდგინა: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG