Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება: ევროკავშირი გახდა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი


„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვა და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება განახორციელდა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „საქართველო აგრძელებს ევრო-რეგულაციებსა და ევრო-დირექტივებთან საკანონმდებლო დაახლოებას, შედეგად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერ რეფორმატორ ქვეყანადაა აღიარებული“.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (15%), ხოლო ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%).

„შეთანხმებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირებისა და პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაც ახალ ეტაპზე გადავიდა და 2016 წელს, საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამ ბოლო 7 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა. შეთანხმების ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება ევროკაშირის ფინანსური დახმარების მასშტაბები, რაც ყოველწლიურად, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 120 – 130 მილიონ ევრომდე დახმარებას შეადგენს, ხოლო მრავალმხრივ ფორმატში საქართველო დამატებითაა ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ დახმარების პროგრამებში.

დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.).

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.

აღნიშნული მიღწევების შედეგად, 2024 წლისთვის საქართველო გეგმავს უზრუნველყოს შეთანხმების 60-65%-იანი შესრულება და გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა ბრიუსელში.

7 წლის წინ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუალ ბაროზომ და ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ცერემონიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG