Accessibility links

site logo site logo

მოსამართლეები მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას უწოდებენ


​საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მათ "საბჭოთა მეთოდებით" ებრძვიან და ყალბ იარლიყებს აკერებენ. ამაში მოსამართლები პოლიტიკურ პარტიების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ადანაშაულებენ. ამ განცხადებას წინ უსწრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის კომენტარი, რომელიც მოსამართლეების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორების გაკრიტიკებას შეეხებოდა.

მოსამართლეები მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას უწოდებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ დოკუმენტს მოსამართლეების უმრავლესობა, 310 მოსამართლე აწერს ხელს.

"ჩვენ, მოსამართლეები, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. თუმცა, არავის აქვს უფლება, ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს, რისი მნიშვნელობაც, ჩვენ, მოსამართლეებს ყველაზე უკეთ გვესმის.

ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსამართლეები აცხადებენ, რომ არიან ქვეყნის პარტნიორები და დგანან სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე:

"ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს".

მოსამართლეები რომ საერთო მიმართვას ავრცელებდნენ, ეს გუშინ, 27 ივნისს დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი. გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლეთა კორპუსის ნაწილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსა და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს:

"რამდენიმე მოსამართლემ დაასახელა და მოსამართლეთა კორპუსის ნაწილის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს".

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ივნისს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილის "შარლ მიშელის შეთანხმებით" გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელსაც შესრულება უნდა. იმის მიუხედავად, რომ ელჩმა მსგავსი შინაარსის განცხადება არაერთხელ გააკეთა და პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების დეტალები შეახსენა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ არ შეაჩერებს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების არჩევის პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG