Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეები მწვავედ აკრიტიკებენ სტრატეგიულ პარტნიორებს  


"მოვამზადეთ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა სამოსამართლო კორპუსის ყველა წევრმა, ვინც დღეს აქ იყო - მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას - არავის, მიუხედავად სტატუსისა, არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში", - ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე მოსამართლეთა კორპუსის ნაწილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსა და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს:

"დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც კიდევ ერთხელ საქართველოს სამოსამართლო კორპუსმა დააფიქსირა ერთსულოვნად თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ არავისმ მიუხედავად სტატუსისა, არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მოვამზადეთ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა სამოსამართლო კორპუსის ყველა წევრმა, ვინც დღეს აქ იყო".

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, მისი სიტყვებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას.

"გამახვილდა ყურადღება ისეთ მიუღებელ ფორმებზე, როგორიც არის მაგალითად სატელევიზიო კლიპების დამზადებაც, ცილისმწამებლური მასალით გაჯერებული. დავაფიქსირეთ მოთხოვნა და მოწოდება ყველა სუბიექტის მიმართ, ვინც ჩართული არის რამენაირი ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ დისკუსიებში და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდეთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა. კონკრეტულად სუბიექტები სახელებით და გვარებით ჩვენ არ აგვისახავს, თუმცა სადისკუსიო შეხვედრაზე გამომსვლელი ზოგიერთი მოსამართლის მოსაზრებაში გაიჟღერა სუბიექტების სახელწოდებებმა, სახელებმა და გვარებმა. რამდენიმე მოსამართლემ დაასახელა და მოსამართლეთა კორპუსის ნაწილის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს. არის მზადყოფნა სასამართლო კორპუსისა, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ სუბიექტთან, ვისაც რეალურად სურს სისტემის გაჯანსაღება. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ ამ მიზნით", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ივნისს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილის „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელსაც შესრულება უნდა.

„ჩემს მოწოდებებზე უფრო მნიშვნელოვანია ამ პროცესის შეჩერების ვალდებულება, რომლებიც პოლიტიკურმა ლიდერებმა იკისრეს 19 აპრილის შეთანხმების განხილვისა და ხელმოწერის შედეგად. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს (მოსამართლეთა დანიშვნის) პროცესის შეჩერებას რეფორმის გატარებამდე. მათ ვალდებულება აიღეს ასევე, რომ რეფორმის გატარებამდე, უნდა წარიმართოს ჯანსაღი დისკუსია იმის შესახებ - თუ რა სახის რეფორმას საჭიროებს სასამართლო სისტემა. სწორედ ამას მოველით ჩვენც. საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს... კონსტიტუციისა და 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, დროებით შეაჩეროს [მოსამართლეთა] დანიშვნის პროცესი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-კაციანი სია წარუდგინა: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG