Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ტელესკოლა BBC-მ საქართველოდან 10 თვის მერე გააკეთა


"აქ მოვისმინეთ, ხალხს ატყუებთ მთელი პანდემიის დროს, ბავშვებს არაფერს არ ასწავლით ტელესკოლითო. ეს არის თქვენი მადლობა პედაგოგების მიმართ, რომლებმაც მთელი წელიწად-ნახევარი ურთულეს პირობებში, კრიზისში იმუშავეს? თქვენ იცით, რომ ტელესკოლა, რაც საქართველომ შემოიღო, 10 თვეში BBC-მ შემოიღო და შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს. თუ ტელესკოლა ასეთი ტყუილი იყო და ცარიელი პროექტი იყო, გაუგებარია, ევროპას რატომ მოეწონა ან BBC-მ რატომ გააკეთა და შეაფასა საქართველოს ეს პროექტი წარმატებულად. მე მინდა საქართველოს ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო", - თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. არჩილ თალაკვაძის რეპლიკა მოჰყვა ალეკო ელისაშვილის გამოსვლას, სადაც მან ინტერნეტის წვდომის პრობლემებზე ილაპარაკა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში სკოლის ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. მათთვის დისტანციური სწავლების რეჟიმი სასწავლო პროცესიდან გამოთიშვას გულისხმობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ "ტელესკოლის" რეიტინგი და გავლენა სასწავლო პროცესში გაჩენილი უთანასწორობის შემცირებისას განათლების სამინისტროს არ უკვლევია, შესაბამისად, მისი წარმატებულობის ან წარუმატებლობის მტკიცებულება არ არსებობს.

საქართველოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე ხანგრძლივად დიდ ქალაქებში არსებულ სკოლებს შეეხო. სკოლები 2020 წლის გაზაფხულზე, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირველ ეტაპზე დაიხურა. ამ დროს ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ინფიცირებული არსებობდა. 2020 წლის სექტემბერშიც ხელისუფლებამ, მიუხედავად სკოლების ხანგრძლივი მზადებისა, ყოფილიყვნენ აღჭურვილები და მომზადებულები ახალი სასწავლო წლისთვის, უმეტეს სკოლებში დისტანციურად სწავლის გაცემის განკარგულება გასცა და შემოდგომის სემესტრი თითქმის ყველა დიდ ქალაქში სრულად დისტანციურად წარიმართა. შეღავათიანი ინტერნეტპაკეტები ხელისუფლებამ მასწავლებლებს და მოსწავლეებს მხოლოდ პანდემიიდან 1 წლის შემდეგ შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG