Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკეტილი სკოლები - როგორ მოექცა სახელმწიფო უსამართლოდ ბავშვებს და მათ მასწავლებლებს


სახელმწიფომ სწავლის დაწყების წინ განათლების სამინისტროს და სკოლების მთელი რესურსი იმაზე დაახარჯვინა, რომ სკოლები მოსწავლეების მისაღებად მოემზადებინა. შემდეგ კი ის, რაზეც ათასობით ადამიანმა თვეების განმავლობაში იმუშავა, ერთ დღეში წყალში გადაყარა.

მოლოდინი იმისა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყებოდა, საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრები ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის არ გამართლდა. არსებობს ეჭვი, რომ სწავლა სკოლის შენობებში არც 1 ოქტომბერს განახლდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რისკი ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება.

  • რა უფრო საშიშია ბავშვებისთვის: ვირუსი თუ ხანგრძლივი იზოლაცია?
  • იზღუდება თუ არა განათლების უფლება ჯანმრთელობაზე ზრუნვის სახელით?
  • რა ბედი ელით კერძო სკოლებს, რომლებიც შესაძლოა წლის ბოლოს ფინანსური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდნენ?
  • რა გააკეთა სახელმწიფომ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის?

განათლების სამინისტროში ღიად ამბობდნენ, რომ 11 სექტემბრამდე, როცა სწავლის ფორმატის შეცვლაზე გადაწყვეტილება მოულოდნელად საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამოცხადდა, სისტემა მთელ ძალისხმევას მერხებთან სწავლის უსაფრთხო დაწყებაზე ხარჯავდა.

სამინისტრო 2 მიმართულებით მუშაობდა - სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

თერმოსკრინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა თბილისის 98-ე სკოლაში
თერმოსკრინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა თბილისის 98-ე სკოლაში

როგორ მზადდებოდა სკოლები 15 სექტემბრისთვის

ათასობით საჯარო სკოლაში მოწესრიგდა შენობები - აღიჭურვა სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებებით, საინფორმაციო ბანერებით, ყველგან დარიგდა თერმოსკრინინგი, გამოიყო პირები, ვინც უშუალოდ აგებდა პასუხს დეზინფექციაზე, ბავშვებს შორის დისტანციის დაცვაზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლსა და არსებულ მარაგებზე. განისაზღვრა მათი სამუშაო გრაფიკი და მოვალეობები. სკოლის შენობაში მოეწყო სამედიცინო-საიზოლაციო ოთახები, სადაც სიმპტომების შემთხვევაში მოსწავლეების გადაყვანა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი სასწრაფოს ბრიგადის ან მშობლების მოსვლამდე.

ექიმის კაბინეტი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში
ექიმის კაბინეტი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში

სკოლებმა შეადგინეს რთული განრიგები იმისათვის, რომ ბავშვების ნაკადები ემართათ, ერთ სივრცეში ბევრი მოსწავლე რომ არ შეხვედროდა ერთმანეთს.

სკოლის დირექტორებს ამ ცვლილებებისა და რეგულაციების ამსახველი ბრძანებები, დადგენილებები და განკარგულებები უნდა შეედგინათ და მათ შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ როგორც რესურსცენტებისთვის, ასევე შემოწმებისთვის მისული შრომის ინსპექციის თანამშრომლებისა და მშობლებისთვის, რომლებიც ამ პროცესში სკოლის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ.

დისტანციის დასაცავად მაჩვენებლები საკლასო ოთახში
დისტანციის დასაცავად მაჩვენებლები საკლასო ოთახში

სკოლების დიდმა ნაწილმა ამ რთული პროცესის გავლა შეძლო, ნაწილს გაფრთხილებები და რეკომენდაციები მიეცა. სამინისტროში ამბობენ, რომ 1500-მდე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები და აღმოიფხვრა წყლით მომარაგების პრობლემა.

10 სექტემბრის მონაცემებით, შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან გახსნის უფლება 15 სექტემბერს ჰქონდა 820 სკოლას, 81-მა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. სკოლებს შრომის ინსპექციის და სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები ერთად ამოწმებდნენ. იგივე ადამიანები ამოწმებდნენ, მაგალითად, რესტორნებს და სადღესასწაულო სივრცეებსაც, სადაც ხალხმრავალი შეკრებები აიკრძალა.

შრომის ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომელი, მარიამი, რომელიც რადიო თავისუფლებას დიღმის მასივში ერთ-ერთი სკოლის შემოწმებისას შეხვდა 10 სექტემბერს, ამბობდა, რომ წინა დღეს 40-ზე მეტი საკვები ობიექტის შემოწმება მოუწია, იმ დღეს კი ათამდე სკოლა ჰქონდა მოსასწრები.

სასწავლო წლის დაწყებამდე ჰიგიენასა და ბიუროკრატიაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

სკოლის ინსპექტირება სასწავლო წლის დაწყებამდე
სკოლის ინსპექტირება სასწავლო წლის დაწყებამდე

კერძო სკოლები დახურვის საფრთხის ქვეშ

თეა იმედაძე ერთ-ერთია იმ მშობლებს შორის, ვისმა შვილმაც სწავლა სკოლის მერხთან 1 სექტემბერს დაიწყო და ორკვირიანი სკოლაში სიარულის შემდეგ მოულოდნელად მოუწიათ კვლავ ონლაინსწავლებაზე გადასვლა. თბილისის რამდენიმე კერძო სკოლამ სამინისტროსგან სხვებზე ადრე მიიღო სწავლის დაწყების ნებართვა, ერთ-ერთი იყო სკოლა, სადაც თეას შვილი მივიდა.

პირველკლასელ იკას ჯერ სკოლიდან გაკვეთილების ცხრილი არ მიუღია, სკოლამ რამდენიმე დღე ითხოვა ახალი სისტემის ასაწყობად, თუმცა თეას რთულად წარმოუდგენია, რა შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ონლაინგაკვეთილებზე მაშინ, როცა ჯერ არც წერა იცის, არც კითხვა, არც დამოუკიდებლად გაჯეტებთან მუშაობის უნარები აქვს და დედა და მამაც მთელი დღის განმავლობაში სამსახურში არიან.

სკოლა, სადაც იკა დადის, საერთაშორისო და მცირეკონტინგენტიანია, ერთი პირველი კლასით. ინფრასტრუქტურა თავისუფლად იძლეოდა იმის საშუალებას,რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულად ევლოთ სკოლაში, ამის უფლება რომ მისცემოდათ.

„სკოლა მაქსიმალურად ცდილობდა, თავიდან აერიდებინა სასწავლო პროცესის შეწყვეტა, მიუხედავად ამისა, ერთ ქვაბში მოხარშა განათლების სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ ყველა, გახსნილი, გაუხსნელი, კერძო, საჯარო, მომზადებული, მოუმზადებელი და ყველა დაკეტა. სკოლამ არათუ ის რეგულაციები დაიცვა, რაც ნებართვისთვის სჭირდებოდა, დამატებითი უსაფრთხოების ზომებიც გაატარა, მაგალითად, 26 აგვისტოდან აჭარაში მყოფ ადამიანებს მოგვთხოვეს ტესტის ჩატარება და მხოლოდ იმის შემდეგ მოგვეცა ზღვიდან დაბრუნებულებს სკოლაში მისვლის უფლება, რაც მთელი ოჯახის PCR-ტესტების ნეგატიური პასუხები წარვადგინეთ ადმინისტრაციაში. ასეთი უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სკოლა დაიკეტა.

როცა ერთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მეორე საფრთხეზე მიდიხარ, კარგად უნდა აიწონოს, რა უფრო საზიანოა. არ არსებობს კვლევები და მონაცემები, რაც აჩვენებს, რომ სკოლები ეპიდემიის კერებს წარმოადგენს ან სკოლების გახსნა პირდაპირ ზრდის ინფიცირების მაჩვენებლებს და დაკეტვა ახალი შემთხვევების მაჩვენებელს ამცირებს, მაგრამ არსებობს მონაცემები და კვლევები, რა ცუდი შედეგები მოიტანა დაკეტვების პოლიტიკამ და იზოლაციამ ბავშებისთვის. საფრთხეები არ არის გაზომილი და ერთმანეთთან შედარებული, სიტუაცია გაიქცა და განტევების ვაცად აქციეს სკოლები. თუ ვითარება მართლა ისეთი მძიმეა, რომ სკოლები ვერ გაიხსნება, მაშინ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და აკადემიურად გამოაცხადოს ეს წელი. თუკი ეს შეუძლებელია და ვამბობთ, რომ კოვიდთან ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას და სასწავლო წელს ვერ გავაუქმებთ, მაშინ იმ სკოლებს, ვინც აკმაყოფილებს მათივე დადგენილ ნორმებს, მიეცეთ გახსნის უფლება”, - უთხრა თეა იმედაძემ რადიო თავისუფლებას.

ის, ისევე როგორც სხვა არაერთი მშობელი, შიშობს, რომ სწავლის სრული საფასურის გადახდა არასრულფასოვან სასწავლო პროცესში მოუწევს და თუკი ამას არ იზამს, სკოლები მნიშვნელოვანი ფინანსური კრიზისის წინაშე დადგებიან.

„სკოლები და ბაღები ძალიან დაზარალდა ამ არარაციონალური დაკეტვებით. მთელი სისტემა კოლაფსის წინაშე დგას. თუ კერძო სკოლები ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტებიან, გარდა იმისა, რომ ახალი უმუშევრები გაჩნდებიან, სად უნდა წავიდნენ ამ სკოლების მოსწავლეები? საჯარო სკოლებში, რომლებიც ისედაც გადავსებულია და რომლებსაც უჭირთ სტანდარტების დაკმაყოფილება? ეს იმას ჰგავს, რომ გვეუბნებიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადადით პირადი ავტომობილებიდანო და არც საკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტია და არც მოხერხებული სატრანსპორტო ქსელი”, - ამბობს თეა. ის ერთადერთი არ არის, ვინც სკოლების მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე ფიქრობს.

განათლების სპეციალისტი, რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ თუკი მშობლები ვერ შეძლებენ და ამ მძიმე პერიოდში ვერ გადაარჩენენ სკოლებს, ბევრი მათგანი, განსაკუთრებით შედარებით დაბალფასიანი კერძო სკოლები, დახურვის საფრთხის წინაშე აუცილებლად დადგებიან.

რას ჰქვია ონლაინსწავლება და რა არის ის სინამდვილეში

რეზო საუბრობს იმაზეც, რომ სისტემას არაფერი გაუკეთებია ონლაინსწავლების დასახვეწად, არც მასწავლებლების გადასამზადებლად, შესაბამისად, პროცესი ამ სემესტრშიც ისეთივე სპონტანტური იქნება, როგორც წინა სემესტრში იყო და ონლაინსწავლება დაერქმევა გაკვეთილების ჩატარებას კონკრეტული პროგრამის დახმარებით.

„დისტანციური სწავლება არის სხვა ტერმინი, რაც გულისხმობს მეთოდოლოგიურად განსხვავებულ პროცესს, რომელიც უნდა მოიცავდეს სინქრონულ და ასინქრონულ მიდგომას. დისტანციური სწავლება გულისხმობს წინასწარ საკითხავი მასალების, კომპლექსური დავალებების მიცემას, ონლაინ სასწავლო რესურსების მითითებას და ჩართვების გამოყენებას უკუკავშირისთვის და არა ლექციებს ვიდეოკამერის საშუალებით. ამ უნარების განვითარებისთვის მასწავლებლებში სისტემურად არაფერი გაკეთებულა. არაფრით არ შეიძლება მთელი ცხრილის გადატანა ონლაინჩართვებისთვის”, - ამბობს რეზო. მან კოლეგებთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კვლევა ჩაატარა, რომელიც ერთი მხრივ დისტანციური სწავლების გამოწვევებს მოიცავს, მეორე მხრივ კი, რეკომენდაციებს სისტემისთვის.

ამ კვლევის მიხედვით, „მშობლები და მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის გადაწყობა ელექტრონული სწავლებისათვის, მოხდეს მისი განტვირთვა, შემცირდეს გაკვეთილების ხანგრძლივობა, გათვალისწინებული იყოს შესვენებები და ონლაინ ჩართული მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია დავალებების გამარტივება და უფრო სახალისო და შემოქმედებითი დავალებების მიცემა მოსწავლეებისათვის. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ შესრულებულ თითოეულ დავალებეაზე გაკეთდეს უკუკავშირი მასწავლებლის მხრიდან და არცერთი დავალება არ დარჩეს შეფასების გარეშე, რათა მოხდეს მოსწავლეთა მოტივაციის შენარჩუნება“.

სამინისტრომ მართლაც გადააწყო ახალი სასწავლო გეგმა და მინისტრმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ელექტრონული, სინქრონული, ასინქრონული, ჰიბრიდული სწავლების წესები, თუმცა ეს წესები იმ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანით, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებდნენ, თვითონ სახელმწიფომ დაარღვია, ნაწილს კი სკოლები არღვევენ ცხრილების შედგენისას, სადაც ონლაინგაკვეთილები რამდენიმე საათზეა განაწილებული.

სკოლებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის წესი სკოლებს ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სწავლის დაწყებით საფეხურზე, I-IV კლასებში, სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განხორციელდეს და ასევე განსაზღვრავს, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის დისტანციური სწავლების შემთხვევაში დღეში დატვირთვა მაქსიმუმ 1 საათი უნდა იყოს, თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა კი 20 წუთი. V-IX კლასებში დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა 1,5 საათია, X-XII კლასებში - 2 საათი. დღეში 3 გაკვეთილზე მეტის ჩატარება სწავლის არცერთ ეტაპზე არ არის რეკომენდებული.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა რამდენიმე სკოლის გაკვეთილების ცხრილი, რომელიც 1 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების პერიოდისთვის არის განკუთვნილი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის და ყველა მათგანში გაკვეთილების რაოდენობაც და ხანგრძლივობაც ამ წესით გაწერილ ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებს ამის უფლება არ აქვთ და პროცესს მონიტორინგს რესურსცენტრები გაუწევენ, რომლებიც აუცილებლად შეამოწმებენ, რამდენად დაიცავენ სკოლები მითითებულ რეკომენდაციებს. დარღვევების შემთხვევაში შესაძლოა სკოლის ავტორიზაციის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში. იძულებით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისთვის ამგვარი მიდგომა, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი წნეხია მხარდაჭერის ნაცვლად.

დისტანციური სწავლების გვერდითი ეფექტები

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეკატერინე ლეჟავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცვლილებები სასწავლო გეგმაში და დისტანციური სწავლების წესი იმ გამოცდილების შედეგია, რაც გაზაფხულის სემესტრში ელექტრონულმა სწავლებამ აჩვენა, თუმცა ამბობს იმასაც, რომ რაიმე ორგანიზებული კვლევა ამ მიმართულებით სამინისტროს არ ჩაუტარებია.

11 სექტემბერს, როდესაც დიდ ქალაქებში სკოლების 1 ოქტომბრამდე დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ თქვა, რომ სისტემა მზად იყო სასწავლო პროცესის ნებისმიერ რეჟიმში დასაწყებად, იქნებოდა ეს დისტანციური, საკლასო ოთახებში თუ ე.წ. ჰიბრიდული მოდელით.

„სამინისტროს აქვს გაზაფხულის სემესტრის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართება”, - თქვა ეკატერინე დგებუაძემ.

გაზაფხულის სემესტრში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება, გარდა იმ ცოდნისა, რაც ბავშვებმა და მასწავლებლებმა ონლაინგაკვეთილების ორგანიზებისას შეიძინეს, მძიმე სტატისტიკასაც გულისხმობს, რაც როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სასწავლო პროცესს პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად ართულებს.

  • გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი;
  • 1300-ზე მეტი სკოლის 100 000-ზე მეტ მოსწავლეს ხელი არ მიუწვდებოდა სკოლის შენობაში სუფთა სასმელ წყალსა და მოწესრიგებულ სველ წერტილებზე.
  • უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, განათლების სისტემის მთავარ პრობლემად მოსახლეობა ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.
NDI-ს ზაფხულის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 14 სექტემბერს გახდა საჯარო
NDI-ს ზაფხულის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 14 სექტემბერს გახდა საჯარო

ონლაინსწავლების სირთულეები, გარდა ინტერნეტისა და კომპიუტერის ქონისა, ფართო და მრავალმხრივია. სირთულეს წარმოადგენს ქართულ ენაზე არსებული მრავალფეროვანი ციფრული სასწავლო მასალების სიმწირე, დასაქმებული მშობლების დროის დეფიტიცი, რაც ართულებს ბავშვების ჩართვას სასწავლო პროცესში, მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ, გაღრმავებული უთანასწორობა სხვადასხვა სოციალურ თუ გეოგრაფიულ ჯგუფში და ბავშვთა მიმართ ძალადობის მომეტებული საფრთხე.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ჯერ კიდევ ივლისის თვეში ურჩევდა, რომ პრიორიტეტი სასწავლო დაწესებულების უსაფრთხოდ გახსნა ყოფილიყო.

„რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ. სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს.

კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება”, - ასეთია იუნისეფის პოზიცია.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG