Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მდგომარეობა არასახარბიელოა“ - ექსპერტებმა გელათის მონასტერში მუშაობა დაასრულეს


არქიტექტორ-რესტავრატორმა უგო ტონიეტმა გელათის მონასტერში 5-დღიანი მუშაობის და დაკვირვების შემდეგ ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა. მისი შეფასებით, წყლის ინფილტრაცია გრძელდება, რაც დაზიანებას იწვეს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვეულმა ექსპერტმა მედიასთან განაცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ მონასტრის სახურავს და მასში წყლის ჩასვლა გრძელდება, რაც კიდევ უფრო აზიანებს ტაძარს: „ყოველდღე ავდიოდით ტაძრის სახურავზე და გულწრფელი რომ ვიყო, სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. წყლის ინფილტრაცია დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, რაც იწვევს დაზიანებას. ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული. ბევრი ფაქტორი არსებობს და კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა გაირკვეს, რა არის ძირითადი და მეორე ხარისხოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა მის დაზიანებაზე“.

არქიტექტორ რესტავრატორის უგო ტონიეტის განცხადებითვე, ცუდ მდგომარეობაშია მონასტრის კედლის მხატვრობაც და აუცილებელია პროცესის გამოსწორება: „ფრესკები, რომლებიც არის ეკლესიაში, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ არსებული სურათი შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით ჩავერიოთ, მაგრამ ამის განსახორციელებლად გვჭირდება ბევრი კვლევის ჩატარება და ანალიზი. იტალიაში ჩატარდება კვლევა და უნდა მივაგნოთ გამოსავალს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება გამოსწორდეს".

გელათის მონასტერში კედლის მხატვრობის დაზიანების მიმდინარე პროცესზე ისაუბრა კედლის მხატვრობის სპეციალისტმა ვინჩენცო ჩენტანმაც. მისი განცხადებით, ფრესკების დაზიანების პროცესის შეჩერება სწორი მიდგომის შემთხვევაში, შესაძლებელია.

„40 წლის გამოცდილება გვაქვს კონსერვაციის და რესტავრაციის. პრობლემების შექმნის მთავარი მიზეზი იყო სახურავიდან მონასტრის შიგნით წყლის ჩასვლა. ამ წყალმა გამოიწვია მარილების მოძრაობა კედლებში, რამაც დააზიანა საღებავი, ფერწერის, პასტელის სხვადასხვა ფერის დაზიანება გამოიწვია. ყველაზე სერიოზული დაზიანებები არის დასავლეთ ფრთაზე, რომელიც არის ტაძრის სამხრეთი ნაწილი. თუმცა დეგრადაცია და პრობლემა სხვაგანაც შექმნილია. ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება. სწორი მიდგომის შემთხვევაში, შევაჩერებთ ამ პროცესს“, – განაცხადა კედლის მხატვრობის სპეციალისტმა ვინჩენცო ჩენტანიმ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, უცხოელი ექსპეტების ორი ჯგუფი იტალიაში დაბრუნების შემდეგ ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზდე გამოაგზავნის დასკვნას და რეკომენდაციებს, რომლებსაც გაეცნობიან სპეციალისტები: „ქართველი რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და კონსერვატორები კულტურის სამინისტროსთან ერთად და დაგეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს, თუ რა, როდის და როგორ გავაკეთოთ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად“.

უცხოელი სპეციალისტების ინფორმაციით, კვლევების შედეგები ივლისის შუა რიცხვებში მიაწოდებენ ქართულ მხარეს.

კულტურის სამინისტროს მოწვევით ევროპელი ექსპერტები გელათის მონასტერში 23 ივნისიდან მუშაობდნენ. ამ ხნის განმავლობაში მონასტერი დაკეტილი იყო და იქ შესვლა ეკრძალებოდათ როგორც მოქალაქეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. მონასტრის ტაძრებში საუკუნოვანი მონუმენტური ფერწერის ნიმუშების დაზიანების გამო 2014 წელს დაიწყო მათი გადახურვა. ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, 2019 წელს ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამის შემდეგ ძეგლის დროებით, თუნუქის სახურავით გადახურეს.

ინფორმაციას, გელათის მხატვრობის დაზიანების შესახებ, სისტემატურად ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაისში განაცხადა, რომ შესაძლოა გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG