Accessibility links

site logo site logo

რუსეთის უდიდესმა სატვირთო ავიაკომპანიამ შეწყვიტა ბელარუსის გავლით ფრენა


რუსეთის უდიდესმა სატვირთო ავიაკომპანიამ, კერძო ჯგუფმა „ვოლგა-დნეპრმა“ შეწყვიტა ბელარუსის გავლით ფრენა. ეს მოხდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს ბელარუსის კომპანიებს. ევროპაში და უკან საფრენად ავიაგადამზიდი ახლა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს იყენებს. ამის შესახებ RBC იტყობინება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „ვოლგა-დნეპრი“ პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ჯგუფის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანიამ მართლა გადაწყვიტა, დროებით არ გამოიყენოს თავისი თვითმფრინავებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცე. მაგრამ მან უარი თქვა, დაეზუსტებინა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. თავის მხრივ, ავიაკომპანიის წყარომ RBC-ს უთხრა, რომ „ვოლგა-დნეპრი“ მისდევს ბრიტანეთის ხელისუფლების რეგულაციებს, რომლებითაც აკრძალულია სანქციების სიაში მოხვედრილ „ბელაერონავიგაციასთან“ თანამშრომლობა.

რუსეთის სამგზავრო ავიაკომპანიები კვლავაც განაგრძობენ რეისების შესრულებას მინსკში და სატრანზიტო ფრენისთვის იყენებენ ბელარუსის საჰაერო სივრცეს.

გასულ კვირაში ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა ახალი სანქციები დაუწესეს ბელარუსს, პასუხად ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასა და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის, რამან პრატასევიჩის დაკავებაზე. სანქციები შეეხო ბელარუსის ეკონომიკის საკვანძო სექტორებს, მათ შორის, კალიუმის სასუქების, ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტს, ასევე თამბაქოს მრეწველობასა და საფინანსო სექტორს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG