Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულ ივან საფრონოვს პატიმრობა გაუგრძელეს


ივან საფრონოვი
ივან საფრონოვი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 7 ოქტომბრამდე გაუგრძელა პატიმრობა „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილ ჟურნალისტს, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველს, ივან საფრონოვს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება სასამართლოს დარბაზიდან. ყოფილი სამხედრო კორესპონდენტი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

მისი წინასწარი დაკავების ვადა 7 ივლისს იწურებოდა. ამ დღეს ერთი წელი შესრულდება მისი დაკავებიდან. ოთხშაბათს ჟურნალისტის დაცვამ ითხოვა მისთვის აღმკვეთი ზომის შეცვლა.

საფრონოვი ეჭვმიტანილია რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო მონაცემების ჩეხეთის დაზვერვისთვის გადაცემაში აშშ-ის დაზვერვის სასარგებლოდ. სასამართლოსთან დაკავშირებული ყველა მასალა გასაიდუმლოებულია, გამოძიება მას და მის ადვოკატებს არც კი ატყობინებს, ბრალდების თანახმად, ვის რა გადასცა.

ერთ-ერთი მისი ადვოკატის, ივან პავლოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გამოძიების მონაცემთა გასაჯაროების ბრალდებით. საფრონოვს გამომძიებელი სთავაზობდა, აღიარებითი ჩვენება მიეცა იმის სანაცვლოდ, რომ დაერეკა დედასთან, რომელიც მის საქმეში მოწმედ ფიგურირებს.

საფრონოვი ბრალს არ აღიარებს. ის და მისი კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ მას დევნიან მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. „კომერსანტსა“ და „ვედომოსტიში“ მან გამოაქვეყნა რიგი გახმაურებული ტექსტები. „როსკოსმოსიდან“ ის არ გაუთავისუფლებიათ - სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა ივნისის დამდეგს იმედი გამოთქვა, რომ მის მრჩეველთან დაკავშირებული ვითარება „გაირკვევა“ და აღნიშნა, რომ მას „კომპეტენტური დაცვა“ ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG