Accessibility links

site logo site logo

მაჯის "კომენდანტის საათი" კვლავ დაგვჭირდება?


აი, დასრულდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეზღუდვა, ე.წ. „კომენდანტის საათის“ სახით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საღამოს 9-დან დილის 5-მდე გარეთ გასვლას უკრძალავდა მომაკვდინებელი ვირუსისა და 2 000 (იქამდე 3000) ლარიანი ჯარიმის მუქარით.

მართალია, ბოლო დროს „კომენდანტის საათი“ მნიშვნელოვნად შეიკუმშა (23.00-04.00), მაგრამ ყველას მაინც გველის ნაკბენივით ახსოვს 2020 წლის 28 ნოემბრიდან ათვლილი ის 230 დღე-ღამე, რომლიდანაც, როგორც ჩვენთვის ბოძებული საკრალური ღვეზელიდან, დაუკითხავად ჩამოჭრეს დიდი ნაჭერი, ყოველი 24-დან 8 საათი, როგორც უკვე ვთქვით, საღამოს 9-დან დილის 5-მდე.

ამ მნიშვნელოვანი განსაცდელის თუ დანაკარგის უკვდავსაყოფად, აუცილებლად გასაკეთებელია ორიგინალური დიზაინის საათი, რომელსაც „კომენდანტის საათი“ დაერქმევა და, რომლის ციფერბლატზეც მხოლოდ ორი რიცხვი - 9 და 5 იქნება დატანილი.

როგორც ყველა კომენდანტის საათს, ამ პანდემიურსაც ახლდა იძულება დაკავებისა და დაჯარიმების სახით, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მოსალოდნელი ამნისტიით დამთავრდა.

ისე, სხვა, ნამდვილი „კომენდანტის საათებიც“ გვახსოვს: 7 ნოემბრის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელის მიერ გამოცხადებული, მანამდე სამხედრო საბჭოსი, უფრო ადრე კი 9 აპრილის ჯალათების, რომლებსაც არ ემორჩილებოდნენ მოქალაქეები და ქვებს და ბოთლებს უშენდნენ მთელი 9 დღის განმავლობაში, ვიდრე 18 აპრილს, კომენდანტის წესები და საათი არ გააუქმეს.

ყველა წინა კომენდანტის საათი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ, „მართლწესრიგის და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“ იყო შემოღებული. განსხვავებული საფანელი დაუდეს უკანასკნელს, პანდემიურს, რომელიც ლამის ცხოვრების წესად გვექცა და, რომლის ოფიციალურად გაცხადებული მიზანი - ვირუსის გავრცელების პრევენცია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს შეესაბამებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, განა, დიდად გაამართლა რეკორდულად გრძელმა „კომენდანტის საათმა“?

რბილად რომ ვთქვათ, არ გვაქვს კარგი სტატისტიკა!

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, COVID-19-ით 366 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 5316 (ანუ საშუალოდ დღეში 11 ადამიანი) გარდაიცვალა. ახლა, როცა ე.წ. „კომენდანტის საათმა“ ბოლო წუთები მიითვალა, ასევე საგანგაშოდ მაღალია ე.წ. დადებითობის დღიური მაჩვენებელი (3,5%), რაც ვირუსის გავრცელების მზარდ ტემპზე მეტყველებს. ამას ემატება ისიც, რომ აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 6%, რაც თითქმის ოთხჯერ ნაკლებია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე.

რა მოხდა, ხელისუფლებამ ვერ ივარგა თუ ყველაფერი კვლავ სამედო მოკავშირის, "ობიექტური მიზეზების" ან სულაც „მერფის კანონების“ ბრალია?

ლეგენდის თანახმად, მერფის კანონთა კრებულს საფუძვლად უდევს კაპიტან ედ მერფის მიერ 1949 წელს გამოთქმული მოსაზრება, რომ თუ „არსებობს თუნდაც ერთი შანსი უთვალავიდან შესრულდეს სამუშაო არასწორად, ჩვენები არაფრის დიდებით არ გაუშვებენ მას ხელიდან“.

მერფის კანონები დროთა განმავლობაში გაფართოვდა და ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს სამედიცინო კანონმდებლობა და, მათ შორის, ვირუსოლოგიის კანონებიც. აი, რამდენიმე მათგანი, რომელთა სისწორე, შესაძლოა ბევრ თქვენგანს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი:

  • თუ ვირუსით დაავადებული თუნდაც ერთი მაყურებელი იმყოფება ხალხით გაჭედილ სტადიონზე, იგი აუცილებლად თქვენს გვერდზე დაიკავებს ადგილს.
  • თუ ჩასახლდებით სამყაროსგან იზოლირებულ ბაროკამერაში ვირუსებისგან თავდაცვის მიზნით, მაშინ ვირუსი შეიჭრება ჟანგბადით უზრუნველყოფის სისტემის მთავარ კომპიუტერში და გადაკეტავს საჰაერო ონკანს.
  • თუ შეპყრობილი ხართ ყველა სენით, რომელიც კი მძვინვარებს პლანეტაზე, მაშინ თქვენს ეზოში დაეცემა მიკრომეტეორიტი, რომელიც მოიტანს სრულიად ახალ ვირუსს.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს მართებულად აკეთებს, უბრალოდ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბუნების და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ზუსტად, მერფის კანონები სრულდება.

საქართველოში მერფის კანონების მოქმედების თვალსაჩინოება კარგად ჩანს ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკაშიც. როგორ ფიქრობთ, რამხელა იყო იმის ალბათობა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნებდნენ მაინც და მაინც ყველაზე ცუდად (კორუფციაზე მინიშნებით) გადაყენებულ და გაშვებულ ირაკლი ღარიბაშვილს?

რომ არა მერფის კანონები, მამუკა ბახტაძესაც კი დაბრუნების ბევრად მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ, საქმეც ის არის, რომ მერფის მთავარი კანონი გვეუბნება, რომ თუ არსებობს თუნდაც იოტისოდენა შესაძლებლობა გადაეყაროთ უფრო მეტ უსიამოვნებას, აუცილებლად გადაეყრებით მას.

ახლა თუ ხვდებით, რა კანონზომიერებით არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ის, ვინც არის? ან რატომ არის თანამდებობაზე მაინც და მაინც ეს ჯანდაცვის მინისტრი და მაინც და მაინც კოვიდჟამიანობის დროს?

ზემოთ სტატისტიკა მოვიტანეთ, დაავადებულების, გარდაცვლილების, ვირუსის გავრცელების მაღალი სიჩქარისა და აცრის დაბალი ტემპის ამსახველი. შეუიარაღებული თვალითაც ჩანს, რომ საქმე ცუდად არის, მაგრამ რადგან მერფის კანონების მოქმედების ზონაში ვიმყოფებით, სინამდვილეში საქმე გაცილებით უფრო ცუდად არის, ვიდრე გვგონია, თუმცა, იმავე მერფის კანონების თანახმად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გავიღიმოთ.

„გაიღიმეთ, ხვალინდელი დღე უარესი იქნება“ - გვეუბნება მერფის კანონი, რადგან, ალბათ, ვაქცინას კვლავ ვერ შემოიტანენ, თუ შემოიტანეს ყველაზე უხარისხოს და ისიც, ვიდრე ჩვენამდე მოაღწევს, გაუფუჭდებათ.

გახსოვდეთ, მერფის კანონები ყველგან მოქმედებენ, მაგრამ განსაკუთრებული სიზუსტით მოქმედებენ განსაკუთრებულ პირობებში, განსაკუთრებული პირობები კი ადამიანების, მოქალაქეების გულგრილობის გარეშე ვერ იქმნება.

და ბოლოს, თუ რამე არ შეიცვალა, ორიგინალური დიზაინის მაჯის „კომენდანტის საათი“, ალბათ, კიდევ არაერთხელ გამოგვადგება, რადგან მერფის კანონების თანახმად, თუ სულ მცირე შანსი მაინც არსებობს კომენდანტის საათის კვლავ შემოღებისა, მას აუცილებლად შემოიღებენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG