Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი წულაია აცხადებს რომ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას და ბოლომდე ბრძოლას


გოგი წულაია
გოგი წულაია

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ის მადლობელია მოსამართლის, რომელმაც წინასგან განსხვავებით, გირაოთი გაათავისუფლა.

გოგი წულაია ზოგ პოლიტიკოსზე ნაწყენია. „პატიმრებს მადლობა, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებდნენ და მამხნევებდნენ, ზოგიერთი პოლიტკოსისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ ვუხსენებივარ. ცოტა წყენაც მაქვს გულში“, - თქვა წულაიამ და დაამატა, რომ მან მოისმინა ლაშა ჩხარტიშვილის, შალვა ნათელაშვილის და ნინო ბურჯანაძის მხრიდან სოლიდარობა.

წულაია დაკავებას უკავშირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას მიმართ გინებას. „მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა წამოიწია და პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა, თუმცა არავის ვუხსენებივარ“, - აცხადებს წულაია.

ბრალდებული აცხადებს, რომ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, აქტიურობას და ბოლომდე ბრძოლას.

გოგი წულაია აცხადებს, რომ არ არის მოძალადე. ის ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული იქნება მეუღლესთან შეხვედრა.

პოლიტიკოსმა თქვა, რომ ციხეში 25 კილო დაიკლო. „პირველი შიმშილობა 14 დღე ვიშიმშილე, მერე გავწყვიტე და ისევ ვიშიმშილე 7 დღე. შემდეგ წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს, რომ ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა, გაცოცხლდიო - გადავწყვიტე მეცოცხლა“, - აცხადებს გოგი წულაია.

1 ივლისს წულაიას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი (6000 ლარით) შეუცვალა.

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს გოგი წულაიამ ამ სიტყვებით მიმართა ბერა ივანიშვილს: „გაგინებ, მოდი და გამისწორდი“. წულაია ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი „იმედთან" ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG