Accessibility links

site logo site logo

ბავშვი, რომელსაც აქვს უფლება


“ჩვენი მამა”(2020, იტალია, რეჟისორი კლაუდიო ნოჩე)

იდეალური ფილმი ზაფხულში სანახავად. მით უმეტეს, პანდემიის ეპოქაში, როცა უამრავი ადამიანისთვის ზღვა და ქვიშიანი სანაპირო მხოლოდ და მხოლოდ ტკბილ მოგონებად რჩება. თუმცა კლაუდიო ნოჩეს სურათი, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის პრიზით აღინიშნა, თქვენთვის ზაფხულის გამო არ შევარჩიე. თუ გნებავთ, ეს არჩევანი შეაფასეთ როგორც გამოხმაურება “გირჩის” ლიდერის”, ვახტანგ მეგრელიშვილის, განცხადებაზე, “ბავშვებს უფლებები საერთოდ არა აქვთო”. ამ განცხადებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გადაიქცევა ისეთივე კარიკატურულ ფიგურად, როგორიც, მაგალითად, ჩიჩოლინა იყო იტალიის პარლამენტში. თუმცა ჩიჩოლინას რას ვერჩი, მას ასეთი სასაცილო არაფერი უთქვამს.

ჩვენ შეგვიძლია ამ განცხადებას სასაცილო ვუწოდოთ, სახალხო დამცველს შეუძლია გაავრცელოს განცხადება, რომელშიც შეგვახსენებს, რომ მეგრელიშვილის ეს გამოსვლა შემაშფოთებელი და დასაგმობია, მაგრამ ფაქტია, “გირჩის” ლიდერი დეპუტატი გახდა, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ასე გამოდის, რომ მისი ამომრჩეველიც იზიარებს მეგრელიშვილის პოზიციას... არა, ამ ხალხს კლაუდიო ნოჩეს ფილმი ვერ გამოასწორებს, გულს ვერ აუჩუყებს. ეს კინო იმისთვისაა, ვისაც ბავშვები უყვარს. ოღონდ სიყვარული, როგორც ვხვდები, საკმარისი არაა. გაბრაზებაც საჭიროა. “ჩვენი მამა” სწორედ იმაში დაგვეხმარება, რომ მომავალში მაინც არ დავუშვათ “სასაცილო ბოროტება” ჩვენი ქვეყნის პარლამენტში.

ნოჩეს სურათში ვიხილავთ მსახიობ პიერფრანჩესკო ფავინოს (ვენეციის კინოფესტივალმა მას გადასცა პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ იტალიელი მაფიოზი ტომაზო ბუშეტა განასახიერა პოლიტიკური კინოს კლასიკოსის მარკო ბელოკიოს შედევრში “მოღალატე”. აქ, ფილმში “ჩვენი მამა”, მაფიის თემა კვლავ წამყვანია. უფრო მეტიც, კლაუდიო ნოჩე აღადგენს გასული საუკუნის 70-იან წლებს, როცა ტერორი და მაფია, ფაქტობრივად, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას დაემუქრა და თითქმის ყველა ინსტიტუციაში შეაღწია. ფავინოს გმირი ამ ფილმშიც მაფიისა და ტერორისტების დევნას განიცდის, მაგრამ ქმნის აბსოლუტურად განსხვავებულ ხასიათს. ერთ-ერთ ფინალურ სცენაში, როცა თავის ვაჟს გადაეხვევა, იგი ისეთ ნიუანსებზე თამაშობს, რომ ხვდები, ამ არტისტს წინ დიდი როლები აქვს, “შექსპირის დონის” როლები... იგივე შეიძლება ითქვას კლაუდიო ნოჩეს რეჟისურაზე: “ჩვენს მამას” მარკო ბელოკიოს “ოპერულ სატირასთან” არაფერი აკავშირებს გარდა მაფიის თემისა; მთელი სურათი არის 70-იანი წლების კინოს სტილიზაცია, ოღონდ ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური დეტექტივებისა, რომლებსაც უხვად იღებდნენ იმ წლებში (საუკეთესოდ კი სწორედ მარკო ბელოკიო იღებდა). დღეს ასეთი კინო იშვიათია - კინო, შორი და საშუალო ხედებიდან დეტალებზე სწრაფი, თითქმის დემონსტრაციული გადასვლებით, გაყვითლებული და რბილი ფონით... ამ ფილმში ყველაფერი, ყველა გამომსახველობითი საშუალება მიმართულია იქითკენ, რომ მაყურებელმა იგრძნოს დისტანცია დროსთან და სწორედ დისტანციიდან გაიაზროს წარსული. საუნდტრეკიც კი ამას ემსახურება - გამომწვევად ხელოვნური, ერთი მუსიკალური თემის უარყოფით და თავისებური მუსიკალური კოლაჟით, რომელიც უნდა დაგვეხმაროს გვერდიდან, ზედმეტი ემოციების გარეშე შევაფასოთ ამბავი.

კლაუდიო ნოჩეს ფილმი თარგმნეს როგორც “ჩვენი მამა”, თუმცა უფრო ზუსტი თარგმანი, ალბათ, იქნებოდა, “მამაო ჩვენო”. ამ შემთხვევაში უკეთ გამოჩნდებოდა იტალიური ფილმის პირდაპირი კავშირი სახარებასთან და მსხვერპლშეწირვის თემა, რომელსაც მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს სურათის ფინალში. ბოლოს და ბოლოს, მამა ხომ, რომელსაც მოსაკლავად დასდევენ, აქ მნიშვნელოვანი სახეა, მაგრამ არამთავარი. კლაუდიო ნოჩეს ფილმის ცენტრალური პერსონაჟი მისი 10 წლის ვაჟი, ვალერიანია.

მას მერე, რაც მამაზე თავდასხმის მოწმე გახდება, ვალერიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება. პირისპირ დარჩება სიკვდილსა და ძალადობასთან. გაუჩნდება კითხვები, რომლებსაც პასუხს მის მიერვე მოგონილი პერსონაჟი, 15 წლის უსახლკარო ავანტიურისტი, კრისტიანი გასცემს. დიახ, მე ასე მგონია, რომ ბიჭი, რომელსაც დაუმეგობრდება ვალერიანი, თავიდან მის ხილვას ჰგავს მხოლოდ. ბავშვებს, როცა მათი მარტოობა გაუსაძლისი ხდება, ახასიათებთ ასეთი პერსონაჟების გამოგონება. დედამიწაზე, ალბათ, არ არსებობს ბავშვი, ვისაც ასეთი წარმოსახვა არ ჰქონია. ყველას გვქონდა. უბრალოდ, ყველას არ გვახსოვს მარტოობა ბავშვობაში.

მზიანი და მელანქოლიური პეიზაჟები, ჰაერით სავსე კადრები, “ფერადი ბავშვები” და შიშის განცდა, ავის მოლოდინი თითქმის ყველა კადრში (ვიმეორებ, 70-იანი წლების იტალიაა!) ქმნის კონტრაპუნქტს, რომელიც პირველ რიგში ფილმის მთავარი გმირის სულიერ მდგომარეობას ასახავს - შფოთვას, გაურკვევლობას და, რაც მთავარია, დაგროვილ კითხვებს, რომლებსაც თავად ვერ უპასუხებს. მაგრამ ვალერიანს უფროსების იმედი არა აქვს, უფროსები აქ ერთმანეთს ძალას უჩვენებენ, ერთმანეთს დასდევენ და ემალებიან. კონტრასტი ნათლად იკვეთება: ბავშვებს მეგობრობა და სოლიდარობა აკავშირებთ, მოზრდილთა სამყარო კი ძალადობით და ზიზღითაა აღსავსე. როცა ზიზღი ძლიერდება და “საზღვრებიდან გამოდის”, ის ვრცელდება ბავშვებზეც. მით უმეტეს, რომ ბავშვის დაჩაგვრა ადვილია. ახლა უკვე პარლამენტის დეპუტატი გევუბნება, რომ ბავშვს უფლებები არა აქვს.

70-იანი წლების იტალიას ხშირად უწოდებენ “Anni di piombo”-ს, ანუ “ტყვიის წლებს” (სხვათა შორის, ეს სახელწოდება ასევე კინოდან მოდის - სათაურია გერმანელი რეჟისორის, მარგარეტ ფონ ტროტას ფილმისა, რომელიც 70-იანი წლების დასავლეთ გერმანიას აღადგენს). ამბავი, რომელსაც გვიამბობს რეჟისორი, მას თავად გადახდა ბავშვობაში. მამამისი პოლიციელი იყო, რომელიც ძლივს გადაურჩა ტერორისტის თავდასხმას. კლაუდიო ნოჩე ამ თავდასხმის მოწმე გახდა. როგორც თავად აღნიშნავს ერთ ინტერვიუში, ეს იყო ტრავმა, რომელმაც ფსიქიკა მნიშვნელოვნად დაუზიანა. “ჩვენი მამა” - არის არა მარტო სიყვარულის ახსნა და მამის გახსენება, არამედ ტრავმისგან განთავისუფლებაც და, თუ გნებავთ, იტალიის უახლესი ისტორიის ახლებური გააზრებაც.

როგორ გვაკლია ჩვენ ასეთი კინო! უფრო სწორად, ჩვენი ძალადობით აღსავსე წარსულის მხატვრული გააზრება! ვიცით კი, რამდენი ბავშვი დამახინჯდა ძალადობის მუდმივი ხილვისგან?! ვიცით კი, როგორ აღიბეჭდა ბავშვების ფსიქიკაზე თუნდაც გასული საუკუნის 90-იანი წლები?! და დღეს საქართველოში ყველაზე უფრო დაუცველები სწორედ ბავშვები რომ არიან, ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ქვეყანაში ყველაზე აქტიურია თაობა, რომელსაც არსებითად თავად არ ჰქონია ნორმალური ბავშვობა?! ის ტრავმები და ტკივილები ჩვენ არ გაგვიაზრებია. ჩვენ მხოლოდ გავექეცით მათ და მხოლოდ ხანდახან ძალიან ზედაპირულად ვიხსენებთ ხოლმე. ამიტომაც მოგვიმრავლდნენ პარლამენტარები, რომლებიც მხოლოდ გვაცინებენ, ამიტომაც გადაიქცა ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი დემოკრატია კარიკატურად, რომელზეც, გარწმუნებთ, ჩიჩოლინასაც კი გაეღიმებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG