Accessibility links

site logo site logo

ნატროშვილი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსზე: ვეცდებით პარტიებისთვის მისაღები კანდიდატები წარვადგინოთ


ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ცესკოს თავმჯდომარისა და 2 წევრის შესარჩევი კომისიის წევრი ლევან ნატროშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იმედს გამოთქვამს, რომ კონკურსში ღირსეული კანდიდატები ჩაერთვებიან. მისივე თქმით, შესარჩევი კომისია შეეცდება ისეთი კანდიდატები არ წარუდგინოს პრეზიდენტს, რომელზეც წინასწარაა ცნობილი, რომ მას მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია ან მმართველი პარტია.

„მე ჩემი მხრიდან ვიტყვი და ალბათ ჩემი კოლეგებიც ეცდებიან, რომ მაქსიმალურად ისეთ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი და წარვუდგინოთ პრეზიდენტს, ვისაც აქვს შანსი იმისა, რომ კონსენსუსი იქნას მიღწეული პარლამენტში მხარის დაჭერის დროს და 2/3-ით იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამას ვეცდებით ჩვენ. დანარჩენი კი პარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ისეთი კანდიდატები წარვადგინოთ, რომლებიც მისაღები უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის. შემდეგ პრეზიდენტი თუ მხარს დაუჭერს ამ ჩვენს კანდიდატურებს, მერე უკვე პარლამენტზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ შიგნით შეთანხმებას“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ კითხვები გაჩნდა კომისიის იმ ნაწილზე, რომელიც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

„6 კაციდან სამი ადამიანი არის, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტიდან, მაშინ როდესაც ბევრი უნივერსიტეტიდან არცერთი წარმომადგენელი არ არის. ჩვენ განგვიმარტეს, რომ პრეზიდენტმა ასე შეარჩია კანდიდატები და ეს იყო მისი გადაწყვეტილება. გარკვეული კითხვები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, პროცესი დაგვანახებს, ეს ადამიანები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და როგორ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

1 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად და შეიქმნა საკონკურსო კომისია 11 კაცის შემადგენლობით, რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების 5 და აკადემიური სფეროს 6 წარმომადგენელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.

თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდა 11 არასამთავრობო ორგანიზაცია.

ლევან ნატროშვილმა „დილის საუბრებში“ თქვა, რომ არასამთავრობო სექტორი ამჯერად არავის მხარდაჭერას არ აპირებს.

„პირველი, რომ ასეთი შეჯერებული კანდიდატი არ გვყავს და არც გვქონია ამაზე არანაირი შეჯერებული კონსულტაცია, და მეორე - ჩვენ, ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვართ, ამავე დროს, შესარჩევი კომისიის წევრები და ჩვენგან, რა თქმა უნდა, არასამართლიანი იქნება, რომ რომელიმე ერთი კანდიდატის წინ წამოწევას დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა „დილის საუბრებში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG