Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვთან დაახლოებულმა პირმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ბავშვი ნაღმსატყორცნს ისვრის


საიფულაჰ ტურლაევმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩევლის, შაა ტურლაევის შვილმა, თავის ინსტაგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც პატარა ბავშვი შეძახილით „ახმატი - ძალაა! ალაჰუ აკბარ!“, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნს ისვრის მთის მიმართულებით.

საიტ კავკაზ რეალიის ცნობით, მოგვიანებით ვიდეო წაშალეს, მაგრამ მანამდე რამდენიმე ტელეგრამის არხმა მოახერხა მისი შენახვა და ინტერნეტით გავრცელება. ვიდეოზე ჩანს, რომ ყუმბარსატყორცნის მსროლელ ბავშვს ტანთ აცვია რუსეთის გვარდიელის ფორმა, სამკერდე ნიშანზე კი ამოქარგულია გვარი „მეჟიდოვი“.

კავკაზ რეალიის ჟურნალისტების ცნობით, ამ გვარის ადამიანი სახელად ჰუსეინი ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სპეციალიზებულ მოტორიზებულ დანაყოფს მეთაურობს. 1 ივნისს რამზან კადიროვმა იგი „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში თავის გამოჩენისთვის“ სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა.

ხოლო კადიროვის მრჩეველზე, შაა ტურლაევზე, მოსკოვის ცენტრში, სახელმწიფო დუმის დეპუტატ რუსლან იამადაევის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, 2010 წლიდან ფედერალური და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG