Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TDI-ის ანგარიშში აღწერილია ხუთი შემთხვევა, როდესაც პანდემიის დროს უმცირესობების უფლებები დაირღვა


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამოსცა 2020-2021 (მაისი) წლების ანგარიში საქართველოში რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს კვლევა აჩვენებს, რომ გამონაკლისები ცალსახად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მუშაობდა. ანგარიშში გამოყოფილია რელიგიური უმცირესობების და სხვა უფლებების დარღვევის ის შემთხვევები, რომლებიც კოვიდპანდემიის პერიოდს უკავშირდება.

N1 მსახურების პრივილეგია
პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად რელიგიური გაერთიანებების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაითვალისწინა დირექტივები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორმა გასცა. გამონაკლისი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. სინოდის გადაწყვეტილებით, ტაძრებში მსახურება კვლავ გაგრძელდა, ასევე უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესი.

N2 თავისუფლად გადაადგილების პრივილეგია
2020 წლის 17 აპრილიდან 27 აპრილამდე საქართველოში აკრძალული იყო ავტომობილით მოძრაობა. აკრძალვა მთავრობამ მხოლოდ ერთი დღით ადრე გამოაცხადა. მოგვიანებით მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მთავრობასთან კომუნიკაციის შედეგად ეკლესიის სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს ავტომობილით გადაადგილების უფლება მიეცათ. სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირებისთვის მთავრობას მსგავსი შეღავათი არ გაუწევია. მათ სპეციალური საშვები მოგვიანებით ინდივიდუალურად მოიპოვეს.

N 3 საშობაო საჩუქარი
კომენდანტი საათი გამონაკლისის სახით მოიხსნა ახალ წელს და შობის ღამეს (6 იანვარი). მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდი სხვა მრავალი რელიგიური გაერთიანების დღესასწაულს ემთხვეოდა, მათთვის გამონაკლისი არ დაუშვიათ.

N4 პრივილეგიები სააღდგომოდ მიუხედავად კომენდანტის საათისა, აღდგომის დღეს, 19 აპრილს ეკლესიამ მაინც გადაწყვიტა ტაძრებში მსახურებები განეგრძო. ეკლესიამ მრევლს შესთავაზა ტაძრებში საღამოს 9 საათამდე, კომენდანტის საათის დაწყებამდე მისულიყვნენ. უსაფრთხოების ერთადერთი ზომა შეკრებილ მრევლს შორის ორი მეტრის დისტანციის დაცვა იყო. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსმა და მღვდელმა გადაწყვიტა აღდგომის მსახურება ღამით მრევლის მონაწილეობით არ ჩაეტარებინა.​

N5 ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია
მას შემდეგ, რაც 2020 წლის გაზაფხულზე მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, გახშირდა აზერბაიჯანული თემის მიმართ გამოთქმული სიძულვილის შემცველი განცხადებები, მათ შორის საჯარო პირების მხრიდანაც. მაგალითად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“, რასაც თან ერთვოდა გინება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განცხადება, რომ ქვემო-ქართლის რეგიონში ადგილობრივი მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობდნენ“. თუმცა მოგვიანებით ამ განცხადებისთვის გამყრელიძემ ბოდიში მოიხადა.

XS
SM
MD
LG