Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თანასწორობის მოძრაობა" საპატრიარქოს განცხადებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს და შსს-ს მიმართავს


ლგბტქი ​ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" საპატრიარქოს განცხადებას "ღირსების მარშის" პარალელურად "მშვიდობიანი პროტესტისთვის" შეკრების შესახებ საფრთხის შემცველად მიიჩნევს. საფრთხიდან გამომდინარე ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს პროპორციული ძალა.

"მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს "სოლიდარობის მარშში" მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მოსახლეობას 5 ივლისს "ღირსების მარშის" "მშვიდობიანად გასაპროტესტებლად" იწვევს. ამისთვის საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ჰომოფობიური არგუმენტებია მოყვანილი ლგბტ პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

"ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს", - აცხადებენ საპატრიარქოში.

ჰომოფობისაა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 2013 წლის 17 მაისს ერთხელ უკვე შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები. ამ დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ეს დღე საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ყოველწლიურად აკურთხებს ქუჩებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG