Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუჭავა: ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს... არ დავუშვათ ძალადობა


კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარე
კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარე

„ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც 5 ივლისს მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. იგი მოუწოდებს ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად და იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე:

„დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!

ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები“, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იგი ამბობს, რომ სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას!

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!“, - წერს კახა კუჭავა.

დღეს დილიდან სიძულვილის ჯგუფებმა 15-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი შემთხვევიდან რამდენიმე საათიც არის გასული, ჯერ არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ.

ნაცემ ჟურნალისტებს შორის არიან: "რადიო თავისუფლების", "რუსთავი 2"-ის, "ნეტგაზეთის", On.ge-ის, "TV პირველის" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მათ სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. დამტვრეულია მედიასაშუალებების ტექნიკაც.

სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრენენ და "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. ქალაქში რადიო თავისუფლების გადამღებმა ჯგუფმა ვერ შენიშნა საპოლიციო ტექნიკა, რომელსაც შსს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს და ამას ძალადობით ამართლებს ხოლმე.

სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ არამიზანშეწონილია მარშის გამართვა.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG