Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია: ეს არის სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება - „რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“.

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ნიკა მელია წერს, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.

„ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!

სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!

თუ როგორ, მალე, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!“, - წერს ნიკა მელია.

"თბილისი პრაიდის" მიერ დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ღირსების მარშის რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

დილიდან, სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმიან მედიას - დაშავებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG