Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კვლავ იძიებენ მასშტაბს კიბერთავდასხმისა, რომელსაც რუს ჰაკერებს უკავშირებენ


აშშ-ში კვლავ იძიებენ სრულ მასშტაბს ე.წ. გამომძალველი პროგრამით განხორციელებული კიბერთავდასხმისა, რომელსაც კიბერუსაფრთხოების ექსპერტები უკავშირებენ რუსულენოვან ჰაკერთა ჯგუფს. სულ უფრო მეტი კომპანია ავრცელებს განცხადებას, რომ თავდასხმის შედეგად მათი სისტემები დაზიანდა.

აშშ-ის მედიაში 4 ივლისს გავრცელდა კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა განცხადებები, რომ თავდასხმამ, რომელიც 2 ივლისს განხორციელდა, გავლენა იქონია ათასობით ობიექტზე სულ მცირე 17 ქვეყანაში. მათი თქმით, კიბერდამნაშავეებმა გამოსასყიდად მოითხოვეს 45.000-დან 5 მილიონამდე აშშ-ის დოლარის ოდენობის თანხები.

თავდასხმა განხორციელდა აშშ-ში განთავსებულ კომპანია Kaseya-ს სოფტვერზე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ფრედ ვოკოლა ვარაუდობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი ათასებს უტოლდება კომპანიის კლიენტებს შორის.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ თავდასხმის უკან დგას REvil gang-ი, მსხვილი რუსულენოვანი გამომძალველი სინდიკატი, და შემთხვევითი არ არის ის, რომ თავდასხმა მოეწყო აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი დასვენების დღეების დასაწყისში.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებს დაავალა გამოძიებაში ჩართვა.

თავდასხმის შედეგად შვედური სუპერმარკეტების ქსელი, Coop-ი, იძულებული გახდა ორი დღით დაეხურა 800 მაღაზია. შემდეგ თავდასხმა შეეხო ანონიმურად დატოვებულ გერმანულ პროვაიდერს და ჰოლანდიის მსხვილ კომპიუტერულ კომპანიებს.

ე.წ. გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისას მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ ხოლმე კოდის მოხსნის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG