Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი, ეს არის დასაგმობი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, რომელიც 5 ივლისს განხორციელდა ჟურნალისტებზე. მედიასთან კომენტარში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დაისჯება ყველა პირი, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა:

„მინდა პირველ რიგში, გითხრათ, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მე მინდა საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და, რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი.

პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და, რა თქმა უნდა, ყველა პირი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა, შესაბამისად იქნება დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, შსს-ს თანახმად, 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების წარმომადგენლებიც, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე.

5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფების წახალისებად შეფასდა. „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG