Accessibility links

site logo site logo

თურნავა: პირველ და მეორე შვილზე იპოთეკის სესხს 6%-ით დავაფინანსებთ, შემდეგზე - 8%-ით


მთავრობა გეგმავს, რომ ბიუჯეტის ფულით იმ ოჯახებს, რომლებსაც ახალშობილები ეყოლებათ, სესხის პროცენტი დაუფაროს. რამდენიმე დღის წინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გაჟღერებული პროგრამის დეტალებზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "ეკონომიკის 10-წლიანი გეგმის" წარდგენის დროს ისაუბრა.

თურნავას თქმით, სახელმწიფო გეგმავს, ოჯახებს პირველი ან მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში სესხის სრული პროცენტიდან 6 პროცენტი დაუფინანსოს, მესამე ან ყოველი შემდეგი შვილის შემთხვევაში კი - 8 პროცენტი.

"პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იწყებს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას... პრაქტიკულად პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ გაღებული", - განაცხადა თურნავამ.

მან პრეზენტაციის დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს პროგრამა პრემიერის ჩართულობით შემუშავდა:

"კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც მოვამზადეთ და აქტუალური არის, უშუალოდ პრემიერის ჩართულობით, ეს არის პროგრამა ოჯახების საცხოვრებელი ბინების შეძენის მიმართულებით".

მინისტრს პროგრამის ამოქმედების ვადებზე არ უსაუბრია.

ამ პროგრამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა პირველად პარლამენტში მთავრობის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

"აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მთავრობა გეგმავს მოქალაქეთა გადასახადებით იპოთეკური სესხის პროცენტი დაუფინანსოს მოქალაქეებს. ერთი წლის წინ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. 2020 წელს სახელმწიფომ ამ პროგრამისთვის 70 მილიონი ლარი გამოყო: პროგრამა სესხის სრული პროცენტიდან 4 პროცენტის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას გულისხმობდა კრედიტის აღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

ეს პროგრამა ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე არ იყო დამოკიდებული - კრიტერიუმი იყო სესხის ოდენობა, აღების ვადა და ბინის აშენების თარიღი. 2020 წელს ახალაშენებულ კორპუსებში ნაყიდი ბინებისთვის 200 000 ლარზე ნაკლები ღირებულების კრედიტის მქონე პირებს შეეძლოთ სარგებლობა, ვინც კრედიტი 01/06/2020 - 01/01/2021 დროის მონაკვეთში აიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG