Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი პრაიდი“ უერთდება რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ  მდუმარე აქციას


„თბილისი პრაიდის“ საორგანიზაციო ჯგუფი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას და წერს, რომ 6 ივლისს, საღამოს 8 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდებიან.

„5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში სამწუხაროდ ვერ გავმართეთ. სახელმწიფომ არ უზრუნველყო ადამიანების უსაფრთხოება და არ დაგვიცვა მოძალადე ჯგუფებისგან. შედეგად, ჩვენ მოგვიწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. გუშინდელი დღე ძალიან რთული იყო ქართული დემოკრატიისთვის. სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, მთელი თბილისის მასშტაბით გვდევნიდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ანგრევდნენ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს. ჩვენ ვუერთდებით დღეს მდუმარე აქციას და მოგიწოდებთ ყველას, ვინც გუშინ ღირსების მარშზე გეგმავდით გამოსვლას, შემოგვიერთდით 8 საათზე, პარლამენტის წინ!“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

„თავისუფლებისათვის“ - ამ გზავნილით 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი რამდენიმე ოპოზიციური პარტია და მოძრაობა „სირცხვილიაა“.

„თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს, საკუთარ ცხოვრებას და დამოუკიდებლობის წლებში მოპოვებულ მცირედ თავისუფლებას, ხვალ ამას ვეღარ მოვახერხებთ - ქალაქის ქუჩებში მობოგინე საპატრიარქო-ოცნების კოალიცია ჩაგვყლაპავს!“ - აცხადებენ მდუმარე აქციის ორგანიზატორები.

5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოაგდეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე აგრესიული ჯგუფები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 53 ჟურნალისტი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG