Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის“ - ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს


ჟურნალისტების აქცია მთავრობის კანცელარიის წინ
ჟურნალისტების აქცია მთავრობის კანცელარიის წინ

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათ გააპროტესტეს 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციისა და მის პარალელურად განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტები. ჟურნალისტებმა სახელმწიფოს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდეს.

აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით გაიმართა. ქარტიის თავმჯდომარემ, კამილა მამედოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ძალადობა ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული და სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ წლების განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობის არცერთი ფაქტის გამოძიება არ არის ბოლომდე დასრულებული. კამილა მამედოვა ამბობს, რომ ახლა საჭიროა მკაცრი მონიტორინგი იმისა, როგორ აგებენ პასუხს კანონის წინაშე ის პირები, რომლებმაც 5 ივლისს 53 ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები:

„ეს არის სიმბოლური აქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მონიტორინგის გრძელვადიანი გეგმა, რომ არ დაივიწყონ და თითოეული დამნაშავე იყოს სათანადოდ დასჯილი“, - უთხრა კამილა მამედოვამ რადიო თავისუფლებას.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა მოითხოვეს, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს და დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეები. ჟურნალისტების მიმართვის ადრესატები არიან ასევე საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი. ჟურნალისტები სთხოვენ მათ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე ამ დროისათვის მხოლოდ 7 პირია დაკავებული. 1 პირია დაკავებული 6 ივლისს "პალიტრა ნიუსის" ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია 6 ივლისს საქართველოს რეგიონული მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც გამართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG