Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი: [საქართველოში] ყველამ პატივი უნდა სცეს გამოხატვის თავისუფლებას


"მიმაჩნია, რომ არ არსებობს [საქართველოში] ძალადობის სივრცე. ძალადობიდან არასოდეს არაფერი არ წარმოიშვება. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, აი, რა უნდა არსებობდეს თქვენს ქვეყანაში. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაერთიანდეს, გამოვიდეს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. ამიტომ გვინდა ვიხილოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გაგრძელდება პროცესი. მახარებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო", - ასე გამოეხმაურა 5-6 ივლისს საქართველოში მომხდარ მოვლენებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მომხდარი პროვოკაციაა და მის უკან "დესტრუქციული ძალები" და "გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები დგანან", რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ შორის, ამგვარი "პროვოკაციებით".

"არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არაფრის საწყისი არ იქნება. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან და მისგან გავიგე, რომ სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც ძალადობდა [5-6 ივლისს]. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ვანდალიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ის თავისი ხელით დააბრუნა თავის ადგილას", - თქვა ოლივერ ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეიმ ასევე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან მის თანამშრომლობაზე. თქვა, რომ მოხარულია დაძლეული პოლიტიკური კრიზისის გამო და შეეხო სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს პოსტპანდემიური კრიზისის დასაძლევად.

"როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ, ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 000 სამუშაო ადგილის შენარჩეუნებაში, მხარი დავუჭირეთ 78 000 ოჯახს საქართველოში და ინტენსიური ზრუნვის განყოფილებების გაძლიერებაში სამედიცინო სექტორს, თუმცა ესეც გუშინდელი დღეა. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული კრიზისი.

ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის. ჩვენი მიზანია, სამეზობლოს ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადალახვაში და საქართველოს დავეხმაროთ უფრო გამძლე და მედეგი ეკონომიკური სისტემის შექმნაში. ჩვენ მთავრობასთან ვმუშაობთ იმ პრობლემების გამოკვეთაზე, რაც პანდემიამ მოიტანა", - თქვა ევროკომისარმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG