Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან 5 ივლისს აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია გაუქმდა


9 ივლისს მოქალაქეების თვითორგანიზებით დაგეგმილი აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაუქმებულია. აქციის ორგანიზატორები აპირებდნენ მოეთხოვათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ნებართვის გარეშე აღმართული რკინის კონტრუქციის აღება და დაეფიქსირებინათ პოზიცია "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. აქციის გაუქმების მიზეზი გახდა მოძალადე ჯგუფების მხრიდან ორგანიზების მოწოდებები თანამოაზრეებისთვის, მისულიყვნენ აქციამდე ნახევარი საათით ადრე რუსთაველზე და არ დაეშვათ "ლიბერალების" მხრიდან ამ შინაარსის აქციის ჩატარება, ასევე აქციის ორგანიზატორებზე განხორციელებული თავდასხმა სოციალურ ქსელებში. აქცია გაუქმდა მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით - როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათ არ აქვთ იმედი, რომ სახელმწიფო ეფექტურად დაიცავს მათ დაპირისპირების შემთხვევაში, თუმცა აქციის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ უკანონოდ აღმართული რელიგიური სიმბოლიკის მოხსნის მოთხოვნას აუქმებენ.

პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე იძალადეს რამდენიმე სხვდასხვა ადგილას.

პარლამენტის წინ გარდა ჯვრის აღმართვისა, ჰომოფობიურმა, სიძულვილის ჯგუფებმა ორჯერ, 5 და 6 ივლისს ჩამოხსნეს ევროპის დროშა. 7 ივლისს დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ დემონსტრაციულად ჩამოხსნა - სიმბოლიკის დაზიანების ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთ პირზე არ დამდგარა.

რადიო თავისუფლებამ სცადა თბილისის მერიაში გაერკვია, აპირებს თუ არა ქალაქის მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რელიგიური სიმბოლოკის აღება, - კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ მიგვიღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG