Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ 31 პირს ბრალი წარუდგინა


პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 18 პირი აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. მათ კავშირი აქვთ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან.

2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ისინი რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებსა და ქურდულ შეკრებებში, აფასებდნენ პირის ქმედებებს, წყვეტდნენ დავებს, პირებს უცვლიდნენ კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებულ სტატუსებს, წყვეტდნენ და განიხილავდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ბრალდებულები დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. თვრამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება დანარჩენ 12 ბრალდებულს, პროკურატურის თანახმად, ისინი ინფორმირებულები არიან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვთ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან.

2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ბრალდებულები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ახორციელებდნენ აქტიურ ქმედებებს, რითაც ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში, გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს, იგივე „ობშიაკის“ შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე ორ პირს - მსჯავრდებულებს ზ.კ.-სა და გ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.კ. „ქურდული სამყაროს“ წევრებს და მხარდამჭერებს უკავშირდებოდა და ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ ქურდული გარჩევის მოწყობას ითხოვდა.

ასევე, გ.ბ.-მ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენებისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს ქურდული გარჩევის მოწყობა სთხოვა.

ზ.კ-ს და გ.მ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG