Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე ზღუდის აგებას იწყებს, ბელარუსიდან არალეგალური მიგრანტების ტალღის ფონზე


მიგრანტების დაკავება ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე, 2021 წლის ზაფხული
მიგრანტების დაკავება ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე, 2021 წლის ზაფხული

ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვართან დაიწყო ზღუდეების აგება, რის ფონზეც მკვეთრად გაიზარდა საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი ლტოლვილების რაოდენობა. ვილნიუსი თვლის, რომ ეს ვითარება მინსკმა ხელოვნურად შექმნა მისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ.

ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გედრუს მიშუტისმა განაცხადა 9 აპრილს, რომ სამხედროებმა საზღვრის გასწვრივ, სადაც ხშირი ტყეა, დაიწყეს მავთულის ზღუდეების აგება, რათა მოხდეს მიგრანტების ნაკადის გაკონტროლება. ასეულობით ადამიანი შეეცადა ბოლო კვირებში ლიეტუვაში შეეღწია ბელარუსიდან. მიშუტისმა დასძინა, რომ ზღუდე, რომელიც მავთულხლართებისგან შედგება, 30 კილომეტრის სიგრძეზე გაკეთდება.

Reuters-ი არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ზღუდის პირველი მონაკვეთი იქნება 500 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1,80 მეტრი.

ლიეტუვამ ბელარუსს ბრალად დასდო, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ნება დართო მიგრანტებს, ლიეტუვაში შესულიყვნენ. სანქციები რეაქცია იყო მინსკის ქმედებაზე, ეიძულებინა Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, დამჯდარიყო მინსკში, სადაც დააპატიმრეს მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი და მისი თანმხლები მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგა.

ლიეტუვა ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე კრიტიკოსია. იგი მოუწოდებდა ევროკავშირს, გადამჭრელი ნაბიჯები გადაედგა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან აგვიტოს სადავო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო გამოსვლებს სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG