Accessibility links

site logo site logo

მეტროში დაკარგულები


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

მეტროთი მგზავრობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გზას სახლიდან სკოლამდე, სახლიდან უნივერსიტეტამდე თუ სახლიდან სამსახურამდე, ყოველთვის მიწისქვეშ ჩავყავდი და ასე გრძელდება დღემდე. ამ წლების განმავლობაში, მატარებლის ფერისა და რამდენიმე სადგურის ოდნავ შელამაზების გარდა, არაფერი შეცვლილა: იგივე სუნი, იგივე ტემპერატურა, იგივე დაღლილი სახეები, გადაჭედილი ვაგონები და გაღიზიანებული ხალხი.

არ შეცვლილა კიდევ ერთი რაღაც: ყოველთვის, როცა ვაგონში შევდივარ და ვჯდები (ან ვერ ვჯდები), მათ ამოსვლას ველოდები. ისინი სულ იქ არიან. ეს ის სახეებია, რომლებსაც ყოველდღე ვუყურებთ. ეს ის ხმებია, რომლებიც ყოველდღე გვესმის.. და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. მათი ხმა მხოლოდ მეტროს ცივ კედლებში ისმის და ამ კედლებშივე იკარგება.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში დღეს 604 ბოშა ცხოვრობს, თუმცა, როგორც ბოშათა თემის წარმომადგენელი ელენე პროშიკიანი ამბობს, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

2019 წლის 11 დეკემბერი.

რუსთაველის მეტროში ჩავედი. მატარებელი ზუსტად ოც საათსა და ოცდაოთხ წუთზე მოვიდა. პიკის საათი არ იყო, ამიტომ ვაგონში თავისუფალი ადგილის პოვნა არ გამიჭირდა. რადგან ვიჯექი და არც ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხებული და გაღიზიანებული მგზავრები დამყურებდნენ თავზე, კალამი და წიგნაკი ამოვიღე და მომდევნო დღის გეგმების ჩამოწერა დავიწყე.

შემდეგი სადგური ,,თავისუფლების მოედანი“.

დაახლოებით სამ წუთში კარი გაიღო და შემოვიდა ის, ვისაც ველოდი. შვიდი-რვა წლის გოგო იყო. ხუჭუჭა თმები ჰქონდა, დიდი ყავისფერი თვალები და მუქი მრგვალი სახე. ვერ გეტყვით, ეს მისი კანის ბუნებრივი ფერი იყო თუ ჭუჭყისგან ჰქონდა შეცვლილი. დასვრილი ვარდისფერი მაისური ეცვა. საჩვენებელ თითზე დიდი ბეჭედი ეკეთა, რომელსაც ცერა თითით ნერვულად ატრიალებდა. კისერზე გრძელი ფერადი ყელსაბამები ჰქონდა ასხმული.

,,ნეტავ, ეს ყელსაბამები საიდან მოიპარა?“ - გაუაზრებლად გამეფიქრა.

ზოგადად, როცა ადამიანს უყურებ, არ ფიქრობ, რომ სამაჯური, რომელიც უკეთია, ფეხსაცმელი, რომელიც აცვია და ის ნივთები, რომლებიც თან აქვს, მოპარულია, მაგრამ ამ შემთხვევაში თავი დამნაშავედაც ვერ ვიგრძენი ამ უტაქტო შეკითხვის გამო, რადგან დიდი შანსით, სწორედ ამ გზით ექნებოდა მოპოვებული ეს ლამაზი ჩხარუნა ყელსაბამები, რომლებიც ნამდვილად უხდებოდა.

ვაგონში ისე ენერგიულად და თავხედური მხიარულებით (რაც ასე ძალიან გვაკლდა დაღლილი მგზავრების უმრავლესობას) შემოვიდა, მაშინვე ყველას ყურადღება მიიპყრო. ვუცდიდი, როდის დაიწყებდა სიმღერას და ვაგონის ჩამოვლას (როგორც წესი, ასე იქცევიან), მაგრამ უცებ შემომხედა და ჩემკენ წამოვიდა. მოვიდა, ჩემს ცისფერ ფანქარს ხელი მოკიდა, მაკოცა და მაჩუქე რაო. მგზავრების ნაწილი იცინოდა, ნაწილში ბავშვის ამ თამამმა და ,,უწესო“ საქციელმა აგრესია გამოიწვია. გავუღიმე, ცოტა კი მწყდებოდა გული მეგობრის ნაჩუქარ ფანქარზე, მაგრამ ისეთი სახით უყურებდა, უარი ვერ ვუთხარი. მერე წიგნაკს დახედა და ახლა უკვე მე შევხედე საწყალი სახით, ოღონდ ეს არ მომთხოვო და ყველაფერს შეგისრულებ-მეთქი. არაფერი უთქვამს. გვერდით მომიჯდა და ფანქრით დაიწყო ხაზვა. სახელი ვკითხე. სარა მქვიაო, ცუდი ქართულით მიპასუხა. მოდი, შენი სახელი დავწეროთ-მეთქი. ფანქარი მათხოვა და ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ ვწერდი მის სახელს მისთვის უცხო ენაზე. ეს თამაში მოეწონა. ფანქარი გამომართვა, შენ რა გქვიაო, მეც ვუპასუხე და ხაზების ჩამოსმა დაიწყო, ვითომ ჩემს სახელს წერდა. ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წერა-კითხვა უკვე უნდა სცოდნოდა, მაგრამ არ იცოდა. არ გამკვირვებია.

ჯერ კიდევ ბევრი ბოშა ბავშვია სკოლის მიღმა დარჩენილი. მიზეზი ბევრია: ბავშვების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის არარსებობა; მშობლებში სურვილის არქონა; დიდი მანძილის გამო ფიზიკურად სკოლაზე ხელმიუწვდომლობა და ფინანსური პრობლემები, რაც ხელს უშლით ტრანსპორტით სარგებლობაში, ტანსაცმლისა თუ სახელმძღვანელოების შეძენაში (მატეუ, 2017). გარდა ამისა, როგორც ჩანს, ვერც სახელმწიფომ გამონახა საკმარისი რესურსი და ნება ამ ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად.

(თუკი ამ წუთებში თქვენც დაგებადათ შეკითხვა, საერთოდ რისთვის და ვისთვის აქვს გამონახული ჩვენს სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, მარტო არ ხართ).

მატარებელი როგორც კი გაჩერდა, სარა ადგა და წავიდა. ცხადია, მისი კუთვნილი ფანქარიც წაიღო. წინ მჯდომმა ბიჭმა აგრესიულად მიაძახა, დაუბრუნეო. რატომ უნდა დამიბრუნოს, ვაჩუქე-მეთქი. სარა სწრაფად გავიდა ვაგონიდან. რამდენიმე წამში, მგონი ერთ წამშიც, ვიღაც კაცი მოდის ჩემთან, თან ილანძღება და ფანქარს მიბრუნებს. ხალხი კმაყოფილი უყურებდა ,,ფანქრის მხსნელს’’. დავიბენი. აშკარა იყო, ჩემგან მადლობას ელოდა, თუმცა მე სულ სხვა ემოციები მქონდა. ეს ხომ სარას ფანქარი იყო, რომელიც საკუთარი ნებით ვაჩუქე. შეიძლება ბოლომდე საკუთარი სურვილით არა, მაგრამ...

მჯერა, არც სარას სურვილია, ვაგონ-ვაგონ დახმარების თხოვნა და ყურმოკვრით ნასწავლი ქართულით იმ სიმღერების ყვირილი, რომლის შინაარსიც არ ესმის. არ ესმის იმიტომ, რომ არავისთვისაა პრიორიტეტი, სარამ ქართული იცოდეს. არავისთვისაა პრიორიტეტი, სარას კანს ბუნებრივი ფერი ჰქონდეს. დღესაც არ არის პრიორიტეტი, სარას საკუთარი ფანქარი ჰქონდეს, რომელსაც დავალებების დასაწერად გამოიყენებს.

მგზავრები გაახალისა ამ შემთხვევამ. სარამ შეძლო და რამდენიმე წამით მიიქცია ჩვენი ყურადღება.

,,ბოლო გაჩერება. გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

მიწის ზემოთ სარას არსებობა არავის აღარ გაგვხსენებია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG