Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უარი თქვა ჰაიტიში სამხედრო ძალის გაგზავნაზე


აშშ-მა უარი უთხრა სამხედრო ძალის გაგზავნაზე ჰაიტის ხელისუფლებას, რომელიც ესწრაფვის ქვეყანაში წესრიგის დამყარებას კარს მომდგარი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ.

ქვეყანაში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ოთხშაბათს ღამით ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, მოკლეს.

პრეზიდენტი ადგილზე გარდაიცვალა. მის სხეულში ტყვიისგან მიყენებული 12 ჭრილობა აღმოაჩინეს. დაშავდა მისი მეუღლე, მარტინ მოიზიც. მოგვიანებით იგი აშშ-ში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ტელეკომპანია სიენენის ცნობით, ჰაიტის ხელისუფლება აშშ-ს 500-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნას სთხოვდა.

პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ჰაიტის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო აეროპორტი დახურა.

ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას ქუჩაში, რომელსაც შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ. 53 წლის მოიზი ხელისუფლებაში მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რომლის პირველი ტური 2015 წელს გაიმართა, მეორე - 2016-ში.

2018 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ მოიზზე თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ის სერიოზულად არ დაშავებულა.

ჰაიტის პოლიციამ განაცხადა, რომ უცხოელ დაქირავებულთა ჯგუფი, რომელმაც პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლა, სულ მცირე 28 ადამიანისგან შედგებოდა. პოლიციის უფროსის ლეონ შარლის თქმით, დაკავებულია კოლუმბიის 15 მოქალაქე და აშშ-ის 2 მოქალაქე. 3 კოლუმბიელი პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს, 8-ის ძებნა კი გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG