Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი "წარმოუდგენელ ტრაგედიას" უწოდებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას


„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“,
- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის მისი სხეული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები "თბილისი პრაიდზე" თავდასასხმელად ემზადებოდა, თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა პრაიდის ჩატარებას. მის ამ განცხადებას სამოქალაქო სექტორი ძალადობის წახალისებად აფასებს.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG