Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა: არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის


"ძალიან მძიმე წუთებია, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ.

მან გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

"საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლექსო 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილას, საკუთარ სახლში დედამ ნახა გარდაცვლილი. ამ დროისთვის მისი სხეული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG