Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი: "ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ გაგიძღვებათ"


კელი დაგნანი ბათუმში იმყოფება, სადაც დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო. იქიდან გამოსულს, ჟურნალისტებმა კითხვები "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებასა და უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს.

ელჩმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს. მან კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის ძალადობა, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუშალოს ადამიანებს, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით.

"რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო იმ მოქალაქეებსთვის, ვისაც სურთ, ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. ხელისუფლება ასევე პასუხისმგებელია, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიონალური საქმიანობის შესრულება უსაფრთხო გარემოში შეძლონ. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ ვიხილეთ. ახლა მე ვიმედოვნებ, რომ ამ თავისუფლებების ღირებულება და მნიშვნელობა უფრო დაფასდება, და რომ იქნება უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რათა მოქალაქეებმა საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით უსაფრთხო გარემოში ისარგებლონ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საკუთარი ხელისუფლების შეფასება, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების საქმეა.

"ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ გაგიძღვებათ. აქ დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს. ესაა, რისი დანახვაც გვინდა, და არა ქუჩაში ძალადობის", - თქვა აშშ-ის ელჩმა.

5 ივლისის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის ელჩმა და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ "ღირსების მარშის" მშვიდობიანად ჩატარება, რადგან ეს ლგბტ ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა.

ამისდა მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია დღემდე ურყევია. მას რუსთაველის გამზირზე "ღირსების მარშის" ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ მათ უსაფრთხოებას.

გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემდეგ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებამდე დრო აქციის მონაწილეებმა 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს დილას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდა, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე (ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე) "სირცხვილიას" ოფისში თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, დავით კუტალაძე დააკავა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა, თუმცა ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს აცხადებდა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა „ღირსების მარშის“ გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG