Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთში ბოლო ბიულეტენებს ითვლიან, არჩევნებში ბორისოვის კოალიცია და ანტიელიტური ჯგუფი ლიდერობენ  


ბულგარეთში ვადამდელი არჩევნების ბიულეტენების 95 პროცენტის დათვლის შემდეგ თითქმის თანაბარი შედეგები აქვთ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, GERB-ს და ანტიელიტურ გაერთიანებას, „არის ასეთი ხალხი“ (ITN). 12 ივლისის ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, GERB-ს 622,591 ხმა ანუ 23,91 პროცენტი მიემხრო.

ITN-ს, რომელსაც ხელმძღვანელობს სატელევიზიო შოუმენი, სლავი ტრიფონოვი, 616,076 ამომრჩეველი უჭერს მხარს, ანუ ხმების 23,66 პროცენტი აქვს ამ ეტაპზე, საარჩევნო კომისიის მონაცემებით.

ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ (BSP), ამავე მონაცემებით, მოაგროვა ხმების 13,63 პროცენტი, ხოლო ლიბერალებმა, დასავლური ორიენტაციის „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“, 12,55 პროცენტი.

პარტიას „უფლებებისა და თავისუფლებისთვის“ (DPS), რომელსაც უპირატესად ეთნიკური თურქები უჭერენ მხარს, 10,59 პროცენტი ხვდა წილად, ხოლო ყოფილი სახალხო დამცველის, მაია მანიოლოვას ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიას - 5,04 პროცენტი.

არჩევნების წინ მოწყობილი გამოკითხვებით, რომელიც Gallup International-მა ჩაატარა, ITN-ს 23,2 პროცენტი მიემხრო, ხოლო GERB-ს - 23 პროცენტი.

ბულგარეთის ხმის უფლების მქონე 6,7 მილიონი ადამიანი ირჩევდა პარლამენტს, რომელშიც 240 ადგილია. ეგზიტპოლების მოლოდინით, ITN-ი 64 ადგილს, ხოლო GERB 61 მანდატს დაეპატრონება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG