Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური ლიეტუვაში დამატებით თანამშრომლებს მიავლენს


ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონიტე Frontex-ის თანამშრომლებს ხვდებიან ლიეტუვაში, მედინიკაიში. 2021 წლის 6 ივლისი
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონიტე Frontex-ის თანამშრომლებს ხვდებიან ლიეტუვაში, მედინიკაიში. 2021 წლის 6 ივლისი

ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების საგენტო, Frontex-ი, აცხადებს ლიეტუვაში შექმნილ ვითარებაში სასწრაფო ჩარევის შესახებ ბელარუსის მხრიდან არალეგალური მიგრანტების ნაკადის გამო.

როგორც 12 ივლისს განაცხადა Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეჟერმა, სააგენტო ლიეტუვაში მიავლენს დამატებით თანამშრომლებს, საპატრულო მანქანებს და მიგრანტებთან კონტაქტების ექსპერტებს, რათა მოაგროვოს ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეობრივი ქსელის მოქმედების შესახებ.

ვილნიუსი ოფიციალურ მინსკს ბრალად დებს, რომ ის განზრახ აგზავნის ლტოლვილებს, ძირითადად ერაყელებს, ლიეტუვის გზით ევროკავშირში.

როგორც ლიეტუსის მთავრობა აცხადებს, მინსკი ლტოლვილებს იყენებს ევროკავშირზე პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად ბრიუსელის მიერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისთვის სანქციების დაწესების გამო.

9 ივლისს ლიეტუვამ დაიწყო ბელარუსთან თავისი საზღვრის გასწვრივ, 550-კილომეტრიანი მავთულხლართიანი ზღუდის აგება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, 12 ივლისს მოუწოდა ევროკავშირს, განიხილოს ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ სანქციების გამკაცრება მიგრანტების კრიზისის გამო.

ლანდსბერგისი მოითხოვს სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესებას. სანქციები მინსკს ევროკავშირმა დაუწესა შარშან, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების და კენჭისყრის ოფიციალური შედეგების მიმართ საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის შემდეგ.

ევროკავშირმა ბელარუსს ივნისში დაუწესა ეკონომიკური სანქციების ფართო პაკეტი, რომლის მიზანიც 1994 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი ლუკაშენკას რეჟიმის შემოსავლის წყაროებზე გავლენის მოხდენაა.

XS
SM
MD
LG