Accessibility links

site logo site logo

აშშ-ს სახ.დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით


ნედ პრაისი, აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა, 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები კი ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული. პრაისმა ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და "TV პირველის" ოპერატორის გარდაცვალებაზე დაუსვეს კითხვა. პასუხი მან ლექსო ლაშქარავას ოჯახის მიმართ სამძიმრით დაიწყო.

"სამძიმარს ვუცხადებთ ლექსოს ოჯახს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე ტრაგიკულად შეიწირა ერთი სიცოცხლე.

ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ინდივიდუალური პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იქნას იდენტიფიცირებული, დაკავებული და მათ აგონ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.

ლიდერებს საქართველოში და სამართალდამცველ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობასაც, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა, რომლის ადგილი არაა დემოკრატიაში.

ჩვენ ამაყად განვაგრძობთ ძალისხმევას მსოფლიოს გარშემო, რომ დავიცვათ ლგბტქი მოსახლეობა ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ გავაძლიეროთ ლგბტქი+ მოძრაობები და ადამიანები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტქი ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია.

პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს" - თქვა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჟურნალისტ დემნა დევდარიანის დამატებით კითხვაზე, შესაძლო პერსონალური სანქციებისა და ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოჰყავს, თქვა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მსჯელობენ სანქციების შესაძლო გამოყენებაზეც.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით.

გვინდა დავინახოთ, რომ ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგებს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას - ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა" - თქვა ნედ პრაისმა.

ის რამდენიმე დღის წინ 5 ივლისს განვთარებულ ვითარებას თვითერზეც გამოეხმაურა და დაგმო ძალადობა თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG