Accessibility links

site logo site logo

ქაბული აცხადებს, რომ თალიბების თავდასხმა პაკისტანთან დამაკავშირებელ სტრატეგიულ პუნქტზე მოგერიებულია


ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი

ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ მოიგერია თალიბების თავდასხმა პაკისტანის საზღვართან მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის სასაზღვრო პუნქტზე, რომელზეც კონტროლის დაწესების შესახებ მანამდე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„მოჯაჰიდებმა ხელთ იგდეს ყანდაარში მდებარე მნიშვნელოვანი სასაზღვრო ქალაქი უესი. ამის წყალობით მოჯაჰიდების ხელში გადავიდა სპინ-ბოლდაკსა და ჩამანომს შორის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა და ყანდაარის საბაჟო“, - ნათქვამია თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებაში.


მაგრამ ქაბულის წარმომადგენელმა უარყო თალიბების მიერ მორიგი წარმატებული ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობა.

„ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა მიაღწია გარკვეულ წინსვლას სასაზღვრო ზონის მიმართულებით... მაგრამ უსაფრთხოების ძალებმა ეს თავდასხმა მოიგერიეს“, - განაცხადა 14 ივლისს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ტარეკ არიანმა.

თალიბების მორიგი წარმატების შესახებ განცხადების ფონია მათ მიერ იმ არაერთ სასაზღვრო პუნქტსა და რაიონზე კონტროლის დამყარება, რომლებსაც ქვეყნიდან აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციური ჯარების გასვლის პროცესის დაწყებამდე ავღანეთის ხელისუფლება აკონტროლებდა.

ყანდაარში თალიბები გააფთრებულ შეტევებს გასული კვირიდან აწარმოებენ.
რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, 9 ივლისს თალიბების სამხედრო რაზმები შეიჭრნენ ყანდაარის ერთ-ერთ რაიონში და ხელთ იგდეს ქალაქის მახლობლად მდებარე რამდენიმე ადმინისტრაციული რაიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG