Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ


საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის ფაქტის შეფასებისას აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. საია-ს თანახმად, გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე:

„მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ანალოგიურად მოიქცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში დაიწყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები და პარლამენტს კანდიდატურები წარუდგინა.

„კანდიდატების მოსმენის პროცესში გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის შეფასება სადაც მიმდინარე პროცესის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსმენების ეტაპია განხილული და სადაც წერია, რომ კანდიდატები პარლამენტს წარედგინა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში. განცხადების თანახმად, დასკვნის მიხედვით, ამავე ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პროცესების სამართლიანობა და თანასწორობა. პროცედურული წესები კი, რომლებიც უშუალოდ მოსმენების დაწყებამდე შემუშავდა, არაადეკვატური იყო და ვერ უზრუნველყო თანმიმდევრულობა და სამართლიანი პირობები.

რაც შეეხება საკომიტეტო მოსმენებს, საია განმარტავს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენებზე კანდიდატთა ნაწილი მარტივ შეკითხვებსაც კი ვერ სცემდა პასუხს, ერთმა მათგანმა კი უარი განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ შეკითხვებზე ეპასუხა. აღნიშნულს საია ზოგადად პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებად მიიჩნევს და უარყოფითად აფასებს. საია-ს შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც მოსამართლედ დანიშნული პერსონების მსჯელობას აერთიანებდა, სასამართლო სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემების მიმართ კრიტიკის არარსებობა და ინსტინქტური უარყოფა იყო:

„მათი უდიდესი ნაწილის აზრით მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ის კრიტიკაა, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან მოდის. კანდიდატთა ნაწილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო მასშტაბით კლანური მმართველობის აღიარება, ცალმხრივი ინფორმაციის ან სასამართლოსთან ნაკლები კომუნიკაციის შედეგია“, - აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. განცხადების თანახმად, მიუხედავად კანდიდატების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კითხვებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონკურსის მონაწილეთა ნაწილს რეკომენდაცია გაუწია. თავის მხრივ, პლენარულმა სესიამ სრულად გაიზიარა რეკომენდაციები და თანამდებობაზე 6 მოსამართლე დანიშნა. საია მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ.

14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ევროკომისიის პრესსპიკერი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG