Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკის იმ სივრცეში, სადაც მიცვალებული ესვენა, კვლევებზე გვარეგისტრირებდნენ - პაციენტი


თბილისში "პირველ სამედიცინო ცენტრში" კოვიდპაციენტებს იმავე მისაღებში იღებენ, საიდანაც გარდაცვლილი პაციენტები გაჰყავთ. ამ პროცესს 3 დღის წინ ჟურნალისტი სოფიკო მეგრელიძე შეესწრო, რომელიც კლინიკაში კოვიდ-სასტუმროდან გამოკვლევების ჩასატარებლად მიიყვანეს.

"მთავარ შესასვლელში გვითხრეს, რომ ჩვენ უკანა მხარეს უნდა მივსულიყავით... შენობამდე ვიწრო გზა მიდიოდა. იქ მოიტანეს ერთი კუბო, მე გამოვიწიე და ვიკითხე სად წავსულიყავი. შევედი მისაღებში, მითხრეს იქ დავრეგისტრირებულიყავი”, - უყვება სოფიკო მეგრელიძე რადიო თავისუფლებას.

გამოკვლევაზე მისულმა აღმოჩინა, რომ პაციენტები რიგში იმავე დერეფანში იდგნენ, საიდანაც მიცვალებულებს კუბოებში ასვენებდნენ და კლინიკიდან გაჰყავდათ.

“პაციენტები რიგში დაგვაყენეს, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და კუბო მოაყუდა კარებზე. ძალიან დავიბენი, მისაღებში კედელს ავეკარი და ჩემ წინ მდგომ საწოლს დავაკვირდი. უცებ მივხვდი, რომ საწოლზე გარდაცვლილი ადამიანი იყო. ექიმებმა ჩვენ თვალწინ გარდაცვლილის კუბოში ჩაწვენა დაიწყეს. ამის პარალელურად ექიმები ჩვენ რეგისტრაციას განაგრძობდნენ. მე გამოვვარდი ტირლით, არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი, როდესაც მიმღების კარებს მერე მეორე კუბო მოაყუდეს”, - წერს იგი ნანახზე ფეისბუქში.

"პირველ სამედიცინო ცენტრში" არ უკვირთ, რომ გამოკვლევებზე მისულმა პაციენტმა გარდაცვლილი ნახა, უკვირთ მხოლოდ ის, რომ პაციენტი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდა.

"შეიძლება ძალიან მძიმეა, მაგრამ ვირუსს აქვს თავისი ცუდი მხარეები... ელემენტარულად, მიცვალებული საიდანღაც უნდა გამოიყვანო - ამას შეიძლება შეესწროს კოვიდსასტუმროდან მოსული პაციენტი. ამის გამო დავაყოვნოთ - ველოდოთ, როდის წავა პაციენტი თუ რა გამოსავალია?.. სიკვდილი ჩემთან შეთანხმებით ხდება?.. ეს პაციენტი სასაფლაოზე არ არის ნამყოფი? იქ რომ შეუთანხმონ, ამ დროს მიცვალებულს არ მოიყვანენ, დაახლოებით იგივე ვარიანტია", - უთხრა კლინიკის დირექტორმა ზაზა ავალიანმა რადიო თავისუფლებას.

ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რეგულირების ჯგუფი კლინიკას დღესვე გადაამოწმებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის სანქციას დაუწესებს.

საქართველოში კოვიდ-სასტუმროში მყოფი კოვიდინფიცირებულების კვლევები ბიუჯეტიდან ფინანსდება. პაციენტების მკურნალობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უკვე დახარჯულია. ქვეყანა ახლა "კორონავირუსის" მეოთხე ტალღის მოლოდინშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG