Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქის, კირილის იმედად


ისევ ლოდინი, ისევ დაპირებები, არადა ერთი წელი უკვე გავიდა, ვერავინ ეუბნება ეს ლოდინი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ყოველი შეხვედრის ჩატარებას და მოლაპარაკებების დასრულებას მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე. ცდილობენ ზაზას გათავისუფლების მიმართულებით რაიმე ახალი შეიტყონ, თუმცა სიახლე ხანდახან ბუნდოვანი უფროა. 13 ივლისს ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, თქვა, რომ გახელაძის გათავისუფლების საქმეში გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება, თუმცა მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა.

"ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, ამაზე შედგა ინტენსიური დისკუსია, მაგრამ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, პროცესები რომ არ დავაზიანო. რაც შეეხება ოჯახს, მათთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია იქნება შენარჩუნებული", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შესაძლებლობებსა და ზაზას გათავისუფლების საქმეში პოზიტიურ დინამიკაზე მანამდე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემაც ილაპარაკა. კონკრეტიკა არც მის საუბარში ყოფილა, თუმცა რთული მისახვედრი არ არის, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ოპტიმიზმი ახლა რუსეთის პატრიარქის, კირილის, წერილს ემყარება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილზე პასუხს გახელაძის ოჯახშიც ელოდებიან. უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, რუსეთის პატრიარქი კი არც საქართველოს პატრიარქს უპასუხებს და არც ცხინვალში გზავნის წერილს ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შუამდგომლობის თხოვნით 22 ივნისს, ზაზას დაბადების დღის წინადღეს მიმართა, მაშინ, როცა ოჯახი რადიკალური აქციის ჩატარებით და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლით იმუქრებოდა. ოჯახი ახლა 23 ივლისს ელოდება. ფიქრობენ, რომ ერთი თვე საკმარისი იქნება ყველაფრის გასარკვევად. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ოჯახს ქუჩაში აქციაზე გასვლა არ უნდა, მაგრამ იძულებული გახდებიან ეს გააკეთონ, თუ არაფერი შეიცვალა.

ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცრემლიანი თვალები აღარ ჰქონია ზაზა გახელაძის დედას, ნანა ბუნტურს. მცირედი იმედი მასაც ჩაესახა, თუმცა მეტი კონკრეტიკის მოსმენა უნდა.

საქართველოს ხელისუფლება, უკვე წლებია, ვერც ახალგორის იზოლირების საკითხს აგვარებს და ვერც მცოცავი ოკუპაციის პროცესს აჩერებს - ჟენევის დისკუსიებსა და „ინციდენტების პრევენცის“ შეხვედრებზე მხოლოდ პროტესტით შემოიფარგლება, საოკუპაციო ძალები კი დაუბრკოლებლად აგრძელებენ ახალი ტერიტორიების მითვისებას. ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ეს არის ის საკითხები, რომლებიც მუდმივად დგას შეხვედრების დღის წესრიგში.

გახელაძეების ოჯახში ახლა ცხინვალის ციხეში გასაგზავნად კიდევ ერთ ამანათს ამზადებენ, რომელსაც იქ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეიტანს, ოჯახს კი ამანათების გამზადება კი არა, ზაზას სახლში დაბრუნება უნდა. 11 ივლისს ერთი წელი გახდა, რაც ზაზა გახელაძე დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. მისმა ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის მეშვეობით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG