Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს


კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული ახალი რეგულაციები 14 ივლისს საფრანგეთში უკმაყოფილო მოქალაქეებმა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს. „ფრანს პრესის“ ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო 53 სხვადასხვა აქციის გამართვის შესახებ იტყობინება. მათ შორის საპროტესტო აქციები დედაქალაქის, პარიზის გარდა, გაიმართა ტულუზაში, ბორდოში, მონპელიეში, ნანტსა და სხვა ადგილებში. საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, დემონსტრანტების საერთო რაოდენობამ 19,000 შეადგინა. „ფრანს პრესის“ თანახმად, უშუალოდ პარიზში 2250 ადამიანი გამოვიდა. ქალაქის ერთ-ერთ უბანში მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედია იტყობინება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ იყო, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ, აყირავებდნენ და წვავდნენ ნაგვის ურნებს და პიროტენიკას უშენდნენ პოლიციას.

მოქალაქეებმა საფრანგეთში 14 ივლისს გააპროტესტეს რეგულაციები, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარება ყველა მედიკოსს მოუწევს, მოქალაქეები კი ვალდებულები ხდებიან რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო მოლებსა და კინოთეატრებში ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდსერტიფიკაცები ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინონ.

„ფრანს პრესის“ თანახმად, ამ დროისათვის საფრანგეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს, დაახლოებით 35,5 მილიონ ადამიანს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა აქვს გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG