პროკურორი ლევან ვეფხვაძე არ პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას, რამდენი სასულიერო პირი ჰყავს დაკითხული შსს-ს 5 ივლისს მომხდარი ძალადობების საქმეზე.
"დაკითხულია ათეულობით მოწმე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შემხებლობაშია ამ საქმესთან" - ასე უპასუხა მან კითხვას სასულიერო პირებთან დაკავშირებით.
5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალსიტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
5 ივლისის აქციაზე ძალდობრივ ჯგუფებთან ერთად იყვნენ სასულიერო პირები, მათი ნაწილი საჯაროდ და ტრიბუნიდან აკეთებდა მოწოდებებს ძალადობისკენ.
დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.