Accessibility links

site logo site logo

ზედოზირების ვერსია ექსპერტიზის დასკვნის გარეშე და კითხვები, რომელსაც შსს არ პასუხობს 


TV პირველის სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას სულ მცირე ერთი თვე მაინც დასჭირდება. გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ ლაბორატორიული კვლევებიც კი არ არის სრულად დასრულებული.

ექსპერტებმა უნდა უპასუხონ არაერთ კითხვას, მათ შორის იმას, ჰქონდა თუ არა ლექსოს სიცოცხლეში მიღებულ ტრავმებს კავშირი მის გარდაცვალებასთან და თუკი მან სიცოცხლის ბოლო დღეს მართლაც მიიღო დიდი ოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, იქნებოდა თუ არა იმავე რაოდენობის და შემადგენლობის ნარკოტიკი ფატალური, რომ არა თავის არეში მიღებული მძიმე ტრავმები?

გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ ვერ გასცეს პასუხები ამ საქმეში არსებულ ყველა კითხვას და დამატებით სხვა ექსპერტების ჩართვა გახდეს საჭირო, ან თუნდაც, კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარება.

„როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ის ან ერთი მხარისთვის იქნება ძალიან მიუღებელი, ან მეორე მხარისთვის და აქედან გამომდინარე, კვალიფიციური, გამოცდილი ექიმების დიდ ნაწილს შესაძლოა არც უნდოდეთ მიიღონ მონაწილეობა ამ დასკვნის მომზადებაში, არ იქნება მათი დარწმუნება ადვილი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე გეჯაძე. ის ამბობს, რომ ის, თუ როდის ჰქონდა მიღებული გარდაცვლილს ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა კვალიც მის სხეულში ლაბორატორიული კვლევით დასტურდება, ნარკოლოგებისა და ტოქსიკოლოგების დასადგენია, რომელთა ჩართვასაც დიდი ალბათობით მოითხოვს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ. მნიშვნელოვანია ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილში არსებული დაზიანებების სიმძიმე - ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს მიღებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, კლინიკის დატოვებისას კვლავ სუსტად იყო და ამას მის სხეულსა და თავის არეში არსებული შეშუპებებიც კი მოწმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან პირველ ორ დღეში სამი ბრიფინგი გამართა. გამოძიების მიერ ამ დრომდე გასაჯაროებული ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტია, რომლის საჯაროდ ჩვენებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიასთან პირველივე შეხვედრაზე დაიწყო საკუთარი ვერსიის გავრცელება, რომ გარდაცვალების წინა დღეს ლექსო ლაშქარავამ ნარკოტიკები ფონიჭალაში შეიძინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 400 დოლარამდე დახარჯა ფეისბუკზე რეკლამისთვის იმაში, რომ მილიონ ადამიანს ენახა ლაშქარავას გადაადგილება ფონიჭალის მიმართულებით. უწყებას გასული ერთი წლის განმავლობაში სულ 829 $ აქვს დახარჯული ფეისბუკზე სასურველი კონტენტის რეკლამირებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოები ფეისბუკზე გამოქვეყნებული და დასპონსორებული ჰქონდა არაერთ სხვა გვერდს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც აქტიურობდნენ „კარტოგრაფების საქმეზე” სახელისუფლებო ვერსიის გავრცელებისა და ბრალდებულების დისკრედიტაციის მიზნით.

გვერდების ნაწილი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ვიდეომასალას რეკლამად უშვებდნენ, ახალი შექმნილი, ან „ახლად გაცოცხლებულია”. მათი ნაწილი ყურადღებას იქცევს მოძალადე ჯგუფების კონტენტით, ჰომოფობიითა და სიძულვილის, ძალადობისკენ მოწოდებებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შესაძლო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება მესამე ბრიფინგზე, გარდაცვალებიდან მეორე დღის ბოლოს დაასახელა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე „ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას” დაეყრდნო. იურისტები ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეებში „შუალედური დასკვნები” არ არსებობს, ექსპერტები კი განმარტავენ, რომ შესაძლოა საუბარი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე იყოს, რომელსაც, ცალკე აღებულს, დასკვნას ვერ დაარქმევენ და ის ერთიან კონტექსტში, სხვა მოცემულობებთან ერთად არის განსახილველი.

გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ნაცემ ოპერატორს, 5 ივლისს ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ძლიერი ტკივილები საავადმყოფოში რამდენჯერმე მორფინით გაუყუჩეს, მათ შორის 8 ივლისსაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს იმაზე, შეესაბამება თუ არა გარდაცვლილის სხეულში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი იმ ნარკოტიკებს, რაც მან და მისმა მეგობარმა ფონიჭალაში შეიძინეს.

როდის მიიღო ლაშქარავამ ის ნივთიერებები, რომლებიც მის სხეულში აღმოჩნდა, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს - შსს-ს მიერ ჩამოთვლილი 5 დასახელებიდან უმეტესობა ტკივილების სამართავად გამოიყენება, ერთი - მარიხუანის სამედიცინო დასახელებაა.

11 და 12 ივლისის ბრიფინგებზე შსს-მ გაავრცელა ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები. თბილისის რუკაზე დეტალურად არის მოხაზული 10 ივლისს, გამოძიების მტკიცებით, ლექსოს ლაშქარავას და მისი მეგობრის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია. ამ კადრების მიხედვით, ორი მამაკაცი მოპედით ჯერ მიდის აფთიაქში, როგორც გამოძიება ამბობს ერთჯერადი შპრიცებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენად. შემდეგ იგივე მოპედი ჩნდება ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე. თბილისის გარეუბანი, ფონიჭალა ცნობილია იმით, რომ იქ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენაა შესაძლებელი - ამ ვიდეოების გასაჯაროების შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ ნარკომოვაჭრეების მისამართები და მათი კლიენტების ვინაობა პოლიციისთვის დაფარული არ არის.

ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს ამ ჩანაწერების ავთენტურობისა და ხანდაზმულობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარების საჭიროებას. იურისტებისთვის საინტერესოა ასევე ის ვიდეოები, რომლებიც საქმეში დევს და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის - დაუმონტაჟებელ ვერსიაში შესაძლოა არაერთი საინტერესო დეტალი ჩანდეს.

ნარკოტიკების გამყიდველი, რომელთანაც შსს-ს ვერსიით ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე, დაკავებული არ არის. მეგობარი კი გამოძიებას მოწმედ ჰყავს დაკითხული. შსს არ აკონკრეტებს, რა ნარკოტიკული საშუალებები იყიდა ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს ფონიჭალაში, ნარკოტიკების ყიდვას, შსს-ს ვერსიით, მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს.

ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის წინ მისი ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიის წარმოდგენა და ამ ვერსიის ვიდეომტკიცებულებებით გამყარების მცდელობა, დღემდე განიხილება მედიასა და საზოგადოებაში. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი „ამერიკის ხმასთან” საუბრისას ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებები ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების მიმართ ავტოკრატიული ქვეყნებისთვის მიღებული პრაქტიკაა.

„ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“, - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი "ამერიკის ხმასთან".

ადამიანები, რომლებსაც ნარკოდამოკიდებულებთან უმუშავიათ, ამბობენ, რომ ძლიერი ტკივილი ძლიერი ტრიგერია ნარკოტიკის მოხმარებისთვის. საქართველოში ტკივილის მართვისთვის მორფის მოპოვება რთული პროცესია და როცა ტკივილებისგან იტანჯები, შესაძლებელია, ტკივილისგან გათავისუფლების გზად ნარკოტიკები დაისახო. ზედოზირების რისკი იზრდება მაშინ, როცა ვინც ნარკოტიკს იღებს, მომხმარებელი არ არის და არ იცის მისთვის საჭირო ზომა, ან დიდი ხანია მომხმარებელი აღარ არის და იღებს იმდენს, რამდენსაც დანებებამდე იღებდა. ზედოზირება ფატალური შედეგით სრულდება მაშინ, როცა ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ ვერ იღებს პრეპარატ „ნარკანს”.

„ნარკანი” - საჭირო, მაგრამ რთულად საშოვნელი მედიკამენტი და სასწრაფო, რომელზე კითხვებსაც გამოძიება არ პასუხობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: „მორფინი“, „კოდეინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „გაბაპენტინი“ და „მონოაცეტილმორფინი“ - ამის შემდეგ უწყება ასკვნის, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ზედოზირება შეიძლება იყოს.

„იცით როდის ხდება ყველაზე ხშირად ზედოზირება?.. როცა ადამიანს არ აქვს ხელთ ნალოქსონი, იგივე ნარკანი.

იცით ვინ კლავს ადამიანებს ზედოზირებით? სახელმწიფო, რომელიც არ უშვებს ნალოქსონს ურეცეპტო გაყიდვაში. რეცეპტი კიდე ნალოქსონზე ვინ უნდა გამოწეროს, დაფიქრდით აბა? ზედოზირებისთვისაა.

მილიონები ჩაიდო საერთაშორისო ფონდების მიერ, რომ ნალოქსონი ხელმისწვდომი გამხდარიყო მომხმარებლებისთვის და ურეცეპტოდ გაყიდულიყო აფთიაქში, მაგრამ არ დადგა ამის პოლიტიკური ნება და არ გახდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ დიდ ქალაქებშია რამდენიმე სათემო და ზიანის შემცირების ორგანიზაცია, სადაც არის ასე ვთქვათ "ჰუმანიტარული" ნალოქსონი, მაგრამ ზეაქტიური მომხმარებელი უნდა იყო, რომ მანდ მოხვდე, უბრალოდ აქტიურიც არა. იქაც დეფიციტია. ყველა დანარჩენისთვის ნალოქსონი არის ხელმიუწვდომელი. აფთიაქში შეხვალ - გამოგიშვებენ უკან და დიდი ალბათობით "ხვოსტსაც" აიკიდებ. ეს იცის ყველა აქტიურმა მომხმარებელმა, ამიტომ არავის არ მოუვა აზრად აფთიაქში ნალოქსონის მოკითხვა”, - დაწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მესამე ბრიფინგის შემდეგ ნინო დარსაველიძემ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ყოფილი წევრია.

„ნარკანი” ახსენა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილმა ლექსო ლაშქარავამ ფონიჭალაში ნაყიდი ნარკოტიკული საშუალებები ორთაჭალის ტყეში მიიღო, რის შემდეგაც ცუდად გახდა, მისმა მეგობარმა „ნარკანი” ერთ-ერთ სამეციდინო დაწესებულებაში ითხოვა. შსს ამბობს, რომ „გარკვეული მიზეზების გამო” მან საჭირო მედიკამენტი ვერ მიიღო კლინიკაში და თვითონ შეეცადა ტყეში მარტო დატოვებული მეგობრის გადარჩენას. ადამიანი, რომელსაც ზედოზირება აქვს, თითქმის წარმოუდგენელია ასევე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, პირველადი სამედიცინო დახმარების წესების არმცოდნემ გადაარჩინოს და თუკი ეს შეუძლია, ამას მანამ ცდიდა, სანამ კლინიკაში „ნარკანის” საშოვნელად წავიდოდა. შსს ამბობს, რომ ლექსოს მეგობარმა მარტომ გადაარჩინა ის, მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ისმის, როგორ სთხოვს მეგობარი კლინიკას, სადაც „ნარკანი” არ აქვთ, გამოიძახონ სასწრაფო მისი მეგობრისთვის, რომელიც ტყეშია და „კვდება”. შევიდა თუ არა 112-ში ამ კლინიკიდან შეტყობინება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოთხოვნით, არ ვიცით.

„ნალოქსონი აქვთ სასწრაფოს ბრიგადებს. სტატისტიკა არავის არ აქვს, მაგრამ 99.999% სასწრაფოს მიერ გადარჩენილების ზედოზირებისგან არის სხვისი გამოძახებული”, - ამბობს ნინო დარსაველიძე.

შსს-ს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავა ორთაჭალის ტყეში მოსულიერების შემდეგ იმავე მეგობართან ერთად დედა ენის პარკში მიდის, სადაც კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. ლაშქარავა 11 ივლისს, 00:10 წუთზე ბრუნდება სახლში, დილის 6 საათზე ოჯახი შეტყობინებას აკეთებს სასწრაფოში - ექიმებს ლექსო გარდაცვლილი ხვდება.

Maimonides Medical Center-ის ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფიქრობს, რომ ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების ვერსია სამედიცინო აბსურდია.

„დეტალებში ამ თემის განხილვა რომ არც ღირს, ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით”, - წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუკზე.

უჩვეულოდ სწრაფი ექსპერტიზა და გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვლებიდან ორ დღეში უწყებამ ჩაატარა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცედურო ღონისძიება, დაკითხა 110 მოწმე და დაათვალიერა 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა.

იურისტები გამოძიების მსვლელობის შეფასებას საქმის მასალების გაცნობამდე თავს არიდებენ, თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ უჩვეულოდ მცირე დროში ჩატარებული გამოძიების შემდეგ ცხადი გახდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია მინიმალურ დროში იპოვოს ნებისმიერი ადამიანი და იცოდეს მისი გადაადგილების მარშრუტი. ეს მოცემულობა განსაკუთრებით საინტერესოა დროში გაწელილი გამოძიებების ფონზე და იმის გათვალისწინებითაც, რომ 5 ივლისს, 55 ადამიანზე თავდამსხმელთაგან 30 ადამიანიც კი არ არის ჯერ დაკავებული - ძალადობის კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მოძალადეები თავად ავრცელებდნენ ფოტო- და ვიდეომასალას.

ნახევარ დღეში აღდგენილი გადაადგილების ზუსტი ტრაექტორია საზოგადოებას ახსენებს ბოლო წლების განმავლობაში რეზონანსულ საქმეებს, რომელთაგან ერთში გამქრალი პირი რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იპოვეს [ბაჩალიაშვილის საქმე], მეორეში კი გათიშული იყო ყველა ის კამერა, რომელშიც შეიძლებოდა დანაშაულის კვალი ან დამნაშავეები აღმოჩენილიყვნენ [აფგან მუხთარლის გატაცების საქმე].

კადრები, რომელიც ლექსო ლაშქარავას საქმეში დევს, ცხადს ხდის იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის არა მხოლოდ ნარკორეალიზატორების ქსელის წევრების ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილი, არამედ მათი კლიენტების ვინაობაც, აკონტროლებს ასევე ფსიქოტროპული მედიკამენტების აფთიაქებსაც. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების დასჯის და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის ნაცვლად, უთვალთვალებს, აშინებს, აშანტაჟებს და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ნარკომომხმარებლებს.

ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ქრონოლოგია ასეთია:

11 ივლისი, 12:50 წუთი - შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ განცხადებას აკეთებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ - ვიგებთ იმას, რომ მომხდარს ვაკე-საბურთალოს სამმართველო იძიებს, დანიშნულია ექსპერტიზა, ოჯახს შეუძლია საქმეში ჩართოს ექსპერტი.

11 ივლისი, 5:17 წუთი - შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ინიშნება. ამ დროისთვის არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, მიმდინარეობს გამოკითხვები, პოლიცია სწავლობს გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტს და მიანიშნებს ლექსო ლაშქარავას კავშირზე ნარკოტიკებთან. პირველად ითქვა, რომ სიკვდილამდე ლაშქარავა ფონიჭალაში იყო მეგობართან ერთად - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ოჯახს მოუწოდებს, გადასცეს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი, ამბობს იმასაც, რომ მოწმეთა ნაწილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ამ დროს შსს უკვე აჩვენებს კადრებს, როგორ მოძრაობს ლექსო სხვადასხვა ადგილას მოპედით.

11 ივლისი, 7:29 წუთი - შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ მიმდინარეობს ცხედრის სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზა.

11 ივლისი, საღამოს 10:06 წუთი - შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ბრიფინგს მართავს. მამუკა ჭელიძე აჩვენებს უკვე ნაჩვენებ კადრებს, აზუსტებს დროებს და არ პასუხობს მედიის კითხვებს.

12 ივლისი, საღამოს 9:27 წუთი - შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ბრიფინგს მართავს, აჩვენებს უკვე არაერთხელ ნანახ კადრებს, რომელშიც წინა ვერსიებისგან განსხვავებით ისმის ხმა. მამუკა ჭელიძე საუბრობს ქიმიური ექსპერტიზის „შუალედურ” დასკვნაზე, რომელმაც სისხლში ნარკოტიკული საშუალებების კვალი იპოვა.

12 ივლისის შემდეგ შსს არც დამატებითი განცხადება გაუვრცელებია და არც დამატებით კითხვებს პასუხობს. 12 ივლისის შემდეგ პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი 5 ივლისს მიღებული ტრავმები არ არის და ოპოზიცია მის სიკვდილს პოლიტიკური თამაშისთვის იყენებს.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG