Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკას ბრძანებით ბელარუსში მასობრივი არეულობების დროს არმიის გამოყენება ხდება შესაძლებელი


ჯარისკაცები მინსკის ქუჩებში. 2020 წლის აგვისტო

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადება და არმიის გამოყენება დასაშვები ხდება არა მხოლოდ სტიქიური უბედურებების დროს, როგორც აქამდე იყო, არამედ მასობრივი არეულობების შემთხვევაში. ბელარუსის ხელისუფლება მასობრივ არეულობებს „კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის, ხელისუფლების ხელში ჩაგდების და მიტაცების მცდელობებთან“ აიგივებს.


კანონის თანახმად, საგანგებო ვითარების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოშვების და გავრცელების შეჩერება, ჟურნალისტების აკრედიტაციების საგანგებო წესის შემოღება და ასევე შეიზღუდება გამოცემების სერვერებსა და ინტერნეტრესურსებზე წვდომა.

ცვლილება შევიდა ასევე შეიარაღებული ძალების შესახებ კანონში, რომლის თანახმად მასობრივი არეულობების აღკვეთის მიზნით შეასაძლებელი ხდება არმიის გამოყენება.

პარალელურად, ბელარუსის რეჟიმი აძლიერებს ზეწოლას ოპონენტებსა და კრიტიკულ ხმებზე.

14 ივლისს ბელარუსის პოლიციამ რეიდები განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში. ეს ორგანიზაციებია: ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა”, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტი, უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰუმან კონსტანტა, დამოუკიდებელი აკადემიური კვლევითი ცენტრი BEROC, ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია „გენდერული პერსპექტივები”, ბელარუსთა მსოფლიო კავშირი „ბაწკაოშჩინა”, ოპოზიციური პარტია „ბელარუსის სახალხო ფრონტი“, დემოკრატიული მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ და გამომცემლობა „იმენა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ბელარუსში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ჩხრეკისა და დაპატიმრებების ახალი ტალღა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG